„არა რუსულ არჩევნებს“ — ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა.
აქცია-მსვლელობა ოპოზიციურმა პოლიტიკური პარტიებმა დააანონსეს და მასში „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეები ორ ადგილზე — მარჯანიშვილის მოედანზე და მეტრო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. მსვლელობა შეჩერდა სუს-ის შენობასთან: „ჩვენ არ გავისუსებით, ჩვენ არ დაგითმობთ ქვეყანას“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ. მარჯანიშვილის მეტროდან დაწყებული მსვლელობის მონაწილეები კი ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, სადაც საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები ჩართეს.
ორი ლოკაციიდან დაწყებული მსვლელობა გმირთა მოედანზე გაერთიანებით დასრულდა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტის კულმინაცია ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების დღე იქნება. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ცესკოს მიერ შემაჯამებელ ოქმის გამოცემის ბოლო ვადა 21 ნოემბერია. შესაბამისად, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, ყველაზე გვიან, პირველ დეკემბერს ან უფრო ადრე გაიმართება.