ახალი ამბები

„საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა“ – სალომე ზურაბიშვილი

4 ნოემბერი, 2024 •
„საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნებში ელექტრონულ უბნებზე შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საქართველო გადარჩება.

„საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უვნობი გმირი – ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეებთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად“, – წერს პრეზიდენტი.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. საია ითხოვდა შედეგების გაბათილებას იმ უბნებზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიებით ტარდებოდა. თეთრიწყაროს სასამართლო ერთადერთია, რომელმაც ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა.

ორგანიზაციის ცნობით, ეს „ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით“.

„სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი