აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად კი ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორი დეივიდ კრამერი ამბობს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა არ უნდა აღიარდეს. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ისაუბრა.
საქართველოში არსებულ სიტუაციას იგი 2004 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ადარებს.
„იყო მოთხოვნები საერთაშორისო საზოგადოებისგან 2004 წელს უკრაინაში და მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს სწორედ 2004 წლის ნოემბრის მსგავსი მომენტია. მაშინ პრორუსმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სცადა, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები მიეტაცებინა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მაშინ ეს შედეგები არ აღიარეს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი პირადად შევიდა პრესის ოთახში და განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ცნობდა ამ შედეგებს“, – იხსენებს კრამერი [„მთავარი არხის“ თარგმანი].
მისივე შეფასებით, ახალ არჩევნებს საქართველოში არ ექნება აზრი, თუ მას იგივე ცესკო ჩაატარებს:
„მე არ მგონია, რომ საქართველოში ახლა ხელახალი არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს, იმიტომ, რომ იმავე ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ არჩევნებს იგივე შედეგები ექნება. [..] ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არ შეუფასებიათ ეს არჩევნები როგორც თავისუფალი და სამართლიანი და პრეზიდენტმა ბაიდენმაც მოიშველია მათი დასკვნები საკუთარ განცხადებაში. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ გამოძიების მოთხოვნა არ არის საკმარისი. პირველ რიგში არ უნდა აღიარდეს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და შემდეგ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები“.
კრამერის თქმითვე, აშშ-მა შეცდომა დაუშვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე არ დაასანქცირა:
„დიდი ხანია, ამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი ხნით ადრე, ვითხოვდი ინდივიდუალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ასევე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა აქ სწორედ ივანიშვილია. მე მიმაჩნია, აშშ-მა შეცდომა დაუშვა, რომ აქამდე არ დააწესა ეს სანქციები. არ ვიცი, რას ელოდებიან ისინი, მაგრამ ეს რომ თავის დროზე მომხდარიყო, ახლა სიტუაცია განსხვავებული იქნებოდა“.