სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა” სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია „მე ვნახე გაყალბება“.

დამკვირვებლები და ამომრჩევლები #მევნახეგაყალბების ჰეშტეგის ქვეშ აერთიანებენ ისტორიებს საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ და ურთავენ ფოტო-ვიდეომასალას.

ნინო ლომჯარიას თქმით, კოალიცია „ჩემი ხმის“ წევრებმა და მოხალისეებმა უკვე მოაგროვეს და დაახარისხეს საარჩევნო დარღვევების 500-ზე მეტი ფოტო, ვიდეო და აუდიომასალა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებს უზიარებენ.

„პარალელურად, იდენტიფიცირებულია ის საარჩევნო უბნები და ოლქები, სადაც მძიმე ხასიათის დარღვევებს განგრძობითი და განმეორებითი ხასიათი ჰქონდა. ჩვენი იურისტები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საჩივრებზე. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ დავამტკიცოთ სიმართლე“, — წერს ლომჯარია.