რუსული კანონის საწინააღმდეგო საგაზაფხულო აქციების დროს მმართველი პარტია აქტიურად ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს პროტესტის უკან იდგა ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ და საქართველოში მისი „აგენტურა“.
თუმცა, ამ ნარატივში ნაკლებად ჯდებოდა ის, რომ აქციების ერთ-ერთი მამოძრავებელი იყო ახალგაზრდა თაობა, მათ შორის- სტუდენტები. მათი დისკრედიტაციისთვის „ოცნებამ“ სხვა სტრატეგიაც აირჩია – ასეთ დასკვნამდე „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ ანალიტიკოსები მივიდნენ დოკუმენტში „ახალგაზრდების საწინააღმდეგო პროპაგანდა 2023-24 – შედარებითი კვლევა“.
რა სტრატეგიაზე საუბარი?
კვლევის თანახმად, მმართველმა პარტიამ და მისმა პროპაგანდამ სცადა, საპროტესტოდ გამოსული ახალგაზრდები დაეკავშირებინა საზოგადოების იმ ჯგუფებთან, რომლებიც, მათი აზრით, საზოგადოებაში არაპოპულარულია.
ეს სტრატეგია, აღნიშნავენ მკვლევრები, 2023 წელსაც გამოიყენებოდა, მაგრამ 2024-ში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ახალგაზრდების დისკრედიტაციისთვის შემდეგი იარლიყების მიწებების მცდელობებს ჰქონდა ადგილი:
- ლგბტქი+ თემთან გაიგივება – ამ შემთხვევაში, პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ აქციებმა „ლგბტ“ ხასიათი მიიღო და სწორედ „ლგბტ აქტივისტების“ მიერ იყო მართული, ხოლო ხელისუფლება საზოგადოებას „გარყვნილებისგან“ იცავდა;
- სარწმუნოების შეურაცხმყოფებელები – აქ დისკრედიტაციისთვის გამოყენებული იყო ახალგაზრდების წარმოთქმული ფრაზა „ენა, მამული, ერთობა“, რომელშიც „სარწმუნოების“ ჩანაცვლებით თითქოს მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა ხდებოდა, ხოლო ხელისუფლება სარწმუნოებას იცავდა;
- „გაუნათლებლები“ – კიდევ ერთი მეთოდი აქციების ახალგაზრდა მონაწილეების „ ნაკლებად განათლებულ და უჭკუო ჯგუფად წარმოჩენა იყო“. პარალელურად, ხდებოდა „გაუნათლებელი“ ახალგაზრდების „განათლებულ“ უფროს თაობასთან დაპირისპირება – „ გამოჩნდა გზავნილები, რომლებიც უფროსი თაობის ადამიანებს, ახალგაზრდებთან შედარებით, მეტად დასაფასებელ და ჭკვიან თაობად მიიჩნევდა“.
ეგებ, მართლაც ასე იყო?
არც აქციების, არც მათ შემდეგ, მმართველ პარტიას საჯაროდ არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ აქციების უკან „ლგბტ-აქტივისტები“, მათ მიერვე ხსენებული „სატანისტები“ ან სხვა ჯგუფები იყვნენ.
კვლევის ერთ-ერთ ავტორს, კობა ლაჩაშვილს, ვკითხეთ – მუშაობისას ხომ არ მიაკვლია რამე მტკიცებულებას, რომელიც მმართველი პარტიის განცხადებებს გაამყარებდა.
„სატანისტები ან მსგავსი ეპითეტებით დახასიათებული ჯგუფები მე პირადად ნამდვილად არ შემიმჩნევია, ეს მადისკრედიტებელი პროპაგანდის ნაწილი იყო. ლგბტ-აქტივისტებს რაც შეეხება, შეიძლება აქციებში მონაწილეობდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც უმცირესობების, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით მუშაობენ, თუმცა ეს აქციის შინაარსთან არ იყო დაკავშირებული“, – აღნიშნავს იგი.
სტატია მომზადებულია “ნეტგაზეთისა” და “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” თანამშრომლობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.
