„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ხშირად უწევდა მეხამრიდის როლის შესრულება, რათა „მეცენატი“ ბიძინა ივანიშვილის სახელი არ დაკნინებულიყო.

„ტვ პირველის“ ეთერში დღეს დაანონსებულია გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი წინმსწრებად გამოეხმაურა და უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი ან ჩართული იყო პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში.

ინტერვიუს ანონსს გამოეხმაურა ყოფილი დეპუტატი თემურ მაისურაძე და ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა გაიხსენა.

„2014 წელს ერთ-ერთ ძალიან ნოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის (მართვადი გამჭვირვალობის მინები) წარმოების დაწყების საკითხთან დაკავშირებით, რასაც თან ახლდა გერმანიის ჰელბერტ შტატის გუბერნატორის გრანტი 12-მილიონიანი თანადაფინანსებით. ჩემ თვალწინ დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა და სთხოვა გიორგი ბაჩიაშვილს, რომ შემხვედროდა და დაგვეწყო გერმანიასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით… მთელი ერთი თვის განმავლობაში, ჩემთვის კარგად ცნობილი დაბოლების მეთოდების გამოყენების შემდეგ, [ბაჩიაშვილმა] უარით დაასრულა ერთ-ერთი ძალიან ნოვაციური და პერსპექტიული პროექტის ბედი, რადგან ვერ გამოკვეთა პირადი ინტერესი. ადრეც არაერთგზის მითქვამს, „ნეტა, სად ნახულობს ბიძინა ივანიშვილი ასეთ კადრებს-მეთქი“. შემეძლო დავბრუნებულიყავი და ბიძინა ივანიშვილისთვის მომეხსენებინა, თუ რა დიდი შეცდომა ჰქონდა დაშვებული ამ პირტიტველა ბიჭისთვის ამხელა ნდობის გამოცხადების საკითხში და გამომეთქვა ყველაფერი, რასაც ბაჩიაშვილზე ვფიქრობდი, მაგრამ ვიფიქრე, ეს იმ შემთხვევას ხომ არ დაემსგავსებოდა, ახლად დაქორწინებულ სასიძოს რომ ეტყვიან ხოლმე: „ბიჭო, ეგ ცოლად რამ მოგაყვანინაო“? ახლა კი ვნანობ, რომ არ ვუთხარი“, — წერს თემურ მაისურაძე.

მაისურაძის ამ პოსტს Facebook-ზე გამოეხმაურა გიორგი ბაჩიაშვილი:

„ცუდად, მაგრამ მგონი მახსოვს თქვენი პროექტი და რომ იცოდეთ, ისევე როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში, მაშინ ივანიშვილმა მითხრა, რომ მოხვიდოდით რაღაც პროექტით და ისიც დააყოლა: „უარი ისე უთხარი მაგას, რომ ჩემთან აღარ მობრუნდეს“. სამწუხაროდ, ასეც მოვიქეცი. ამას იმიტომ ვწერ, რომ ხშირად მიწევდა ასე მოქცევა და გარკვეულწილად მეხამრიდის როლს ვასრულებდი იმისთვის, რომ „მეცენატი“ ივანიშვილის სახელი არ დაკნინებულიყო“, — წერს ბაჩიაშვილი.