ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ არსებულ კურსს გააგრძელებს, ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციასაც გადახედავს.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის დებატებისას განაცხადა.
„თუ ქართული ოცნება განაგრძობს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირს რეაგირება მოუწევს – თავიდან შეაფასოს საქართველოს მიერ პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით“, – თქვა მან.
დეპუტატის განცხადებითვე, ევროპარლამენტი მეტად სერიოზულ და ნათელ გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს.
„ევროკავშირის წევრობა არაა თანხვედრაში პოლიტიკასათან. ვერ იქნებით პროევროპელი და ამავე დროს, კრემლის მხარდამჭერი. ვერ დაუჭერთ მხარს ევროპული ცხოვრების გზას და ამავე დროს ვერ დაუჭერთ მხარს სტალინის გზას“, – ამბობს დეპუტატი.
იუკნევიჩიანემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპული გზით სვლას აირჩევს.
