პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ამა თუ იმ თანამდებობის პირის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი არჩევნებამდე არ უნდა გადაწყდეს.
ამის შესახებ მან პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ხაზარაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან კონკრეტული: „ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს და ამიტომ, მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა განიხილებოდეს არჩევნების შემდეგ.
„ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა. ახლა მთავარია, რომ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, ფოკუსი მივმართოთ იმისკენ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ კურსზე. რაც შეეხება კანდიდატებს, კანდიდატების განხილვა არ ყოფილა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს და ამ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის ფარგლებში.
ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი იმიტომ, რომ ძალაუფლება ყველა ნორმალურ ქვეყანაში, და ჩვენ ვადგავართ ნორმალური ქვეყნის მშენებლობას, ეკუთვნის ქართველ ხალხს!
ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი! ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს, გავიმარჯვოთ, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და, შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში პრეზიდენტი, როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების, იქნება მთავარი ფიგურა. ეს იქნება ოპოზიციური პარტიების და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება, ის ითამაშებს მთავარ როლს, როგორც წერია ქარტიაში. ეს არის ჩვენი პოზიცია და რაც მას გავუზიარეთ და ამ პოზიციას არ შევცვლით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
7 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობისთვის კანდიდატების შესარჩევად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.
პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული და ძირითადი ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს მთავრობის ახალ მოდელს, რომელიც არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული. ხოლო დროებითი მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის, თუ დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნა დადგება. მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს.
კითხვას, თავად თუ არის მზად პრემიერ-მინისტრობისთვის, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საკითხი ასე არ დასმულა, მაგრამ „გამორიცხული ცხოვრებაში არაფერია“.
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ კანდიდატები მომავალი მთავრობის დასაკომპლექტებლად ამომრჩევლისთვის ცნობილი გახდება არჩევნებამდე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზად არის, თუმცა მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება.
