თბილისში რამდენიმე თვის წინ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას ცნობით, მისი ქმარი თბილისის იზოლატორში შიმშილობის შედეგად შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“დამირეკეს, მაგრამ არ ვიცი, ვინ იყო. მითხრა, ციხიდან ვრეკავ და თქვენი ქმარი ცუდად გახდაო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საერთოდ არ ვიცი, ახლა იქ რა ხდება. ისიც არ ვიცი, ცოცხალია ახლა ჩემი ქმარი თუ არა.
არც კი ვიცი, რომელი საავადმყოფოა, მაგრამ ციხის თანამშრომელმა მითხრა, რომ ის გლდანში მდებარეობს”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრის დროს აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა.
აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, შიმშილობის მე-17 დღეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.
“მისი მდგომარეობა ძალიან ცუდია. დღეს მისი შიმშილობის მე-17 დღეა. ეს ყველაფერი კი აზერბაიჯანში უკანასკნელი დაპატიმრების დროს 242- დღიანი შიმშილობის შედეგია. ის არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შიმშილობა შეძლოს, თუმცა ამბობს, რომ თუ სახელმწიფოში კანონი არ მუშაობს და მხოლოდ პოლიტიკურ ბრძანებებს ასრულებენ, სხვა გზა არ არსებობს. სწორედ ამიტომ შიმშილობს ის.
აფგანს გადაადგილებაში ეხმარებიან, რადგან დამოუკიდებლად სიარული აღარ შეუძლია. მისი ჯანმრთელობა განადგურებულია”, – ამბობს სევინჩ სადიგოვა ნეტგაზეთთან.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების შესახებ საქართველოს სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განაჩენით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
ორგანიზაციამ “უფლებები საქართველომ” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა.
ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით საექსტრადიციო 3- თვიანი პატიმრობის ჩანაცვლებას 2000 ლარის ოდენობის გირაოთი.
სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა სადიგოვის განცხადება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.
როგორც ამბობენ ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, „არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს“.
ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.
თბილისში ბაქოს მოთხოვნით დაკავებულ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, იურისტ ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
დაკავების წინა დღეს, 2 აგვისტოს, აფგან სადიგოვი, ადვოკატთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, ომბუდსმენმა წუხილი გამოთქვა, რომ ჟურნალისტს საქართველოს დატოვება აეკრძალა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.
