ახალი ამბებისაზოგადოება

პრეზიდენტის თანახმად, მისი შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა სიაში არ არიან

30 სექტემბერი, 2024 •
პრეზიდენტის თანახმად, მისი შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა სიაში არ არიან

პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან. ამის შესახებ ნეტგაზეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ცნობით, პრეზიდენტის ქალიშვილმა ქეთევან გორჯესტანმა საკონსულო აღრიცხვა გაიარა 23 ივლისს, საკონსულოდან მიღებული აქვს დასტური, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა 27 სექტემბერს გადაამოწმა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ აღმოჩნდა.

ადმინისტრაციის ცნობით, ანალოგიურ სიტუაციაში არიან პრეზიდენტის ძმისშვილებიც. იმის შესახებ, რომ მისი შვილები ამომრჩეველთა სიაში არ არიან, Facebook-ზე დაწერა პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმაც.

„ჩვენ (2 შვილი დარეჯანი და მე) ვართ საკონსულო აღრიცხვაზე. ოღონდ მე მარტო ვარ ცესკოს სიაში. განაცხადი შევიტანე“, – წერს ოთარ ზურაბიშვილი.

ადმინისტრაციის განცხადებით, მათ საქართველოს მოქალაქეობის დამდასტურებელი მოქმედი დოკუმენტებიც აქვთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ცესკოს დაუკავშირდა. როგორც ცესკოში განგვიცხადეს, იმის დასადგენად, თუ რატომ არ არიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში, აღნიშნული ადამიანები ცესკოს უნდა დაუკავშირდნენ.

განახლება:

მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ცესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მქეთევან გორჯესტანი სპეციალურ სიაში მოხვდება და 26 ოქტომბერს არჩევნებზე ხმის მიცემას შეძლებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე“, – აცხადებს ცესკო.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ხვდებიან ისეთი ამომრჩევლებიც, რომლებიც კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში იმყოფებიან; რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან. აგრეთვე, ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა ( ამ შემთხვევაში 7 ოქტომბრის ჩათვლით) რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.


ბოლო რამდენიმე დღეა საკონსულოებში რეგისტრირებული ქართველი ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში საკუთარ თავს ვერ პოულობს და ხმის უფლებისთვის იბრძვის.

“ნეტგაზეთი” საზღვარგარეთ მცხოვრებ არაერთ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომლებმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს. ისინი კანონის თანახმად რეგისტრირებული არიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში, თუმცა, იმის გამო, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არიან, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.

მათ ნაწილს ცესკოში უპასუხეს, რომ ისინი თავიანთი უბნების სპეცსიაში იქნებიან, თუმცა ემიგრანტები მხოლოდ განმარტებას არ ენდობიან და იმაში დასარწმუნებლად, რომ ხმის მიცემას ნამდვილად შეძლებენ, საარჩევნო ადმინისტრაციისგან ოფიციალურ დადასტურებას ითხოვენ.

ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პულობს – რა ხდება?

მასალების გადაბეჭდვის წესი