ახალი ამბები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

4 სექტემბერი, 2024 •
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, დღეს, 4 სექტემბერს თანამდებობა დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ მინისტრთა კაბინეტის ცვლილება გარდაუვალი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული და საერთაშორისო მედია ავრცელებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, კულებას განცხადებას გადადგომაზე კანონმდებლები მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

Ukrainska Pravda თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კულებას შემცვლელი სავარაუდოდ მისი პირველი მოადგილე ანდრი სიბიჰა იქნება. ელიან სხვა მინისტრების ცვლილებებსაც, თუმცა პრემიერმინსიტრი დენის შმიგალი, სავარაუდოდ, თანამდებობაზე დარჩება.

პარლამენტს გადადგომის შესახებ კულებამდე მიმართეს ასევე იუსტიციის, სტრატეგიული მრეწველობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, რეინტეგრაციის მინისტრებმა და პრემიერმინისტრის მოადგილემ ევროპულ-ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. თანამდებობაზე ყოფნის 9 თვის შემდეგ გადადგა სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელიც.

თანამდებობები ჯერ კიდევ მაისში დატოვეს ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ შემოდგომა უკიდურესად მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება უკრაინისთვის. „ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები ისე უნდა გადაეწყოს, რომ უკრაინამ მიაღწიოს იმ მიზნებს, რაც ყველა ჩვენგანს გვაქვს“, — თქვა ზელენსკიმ.

კულება საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2020 წლიდან იკავებდა. ის იყო ერთ-ერთი მთავარი აქტორი, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ცდილობდა საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვასა და ჩართვას უკრაინის მხარდასაჭერად. მისი გათავისუფლების შესახებ ცნობები პირველად 2023 წლის ზაფხულში გავრცელდა.

„არცერთი სამსახურია მუდმივი, სრულიად მშვიდად ვუდგები ამ საკითხს. […] თავიდანვე ვთქვი, რომ ორ შემთხვევაში დავტოვებ თანამდებობას. პირველი — თუ პრეზიდენტი მთხოვს ამას და მეორე — თუ ისეთი ფუნდამენტური წინააღმდეგობა მექნება საგარეო პოლიტიკასთან, რომ შეუძლებელი გახდება ჩემთვის მუშაობა“, — თქვა მაშინ კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომა მოჰყვა ლვოვზე შეტევის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანის მკვლელობასა და 35 ადამიანის დაშავებას. მომხდარის შესახებ ლვოვის მერმა ანდრი სადოვიმ ისაუბრა. დაღუპულებს შორის ბავშვი და მედპერსონალიც არის. დანარჩენები კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

ლვოვზე თავდასხმას უსწრებდა პოლტავის სამხედრო აკადემიისა და ჰოსპიტლის სიახლოვეს აფეთქებებს, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 200-ზე მეტი დაიჭრა. უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა იყო მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო 2022-ში.

პოლტავა კიევიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 350 კილომეტრშია, კიევსა და უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს, ხარკოვს შორის, მათ დამაკავშირებელ გზაზე.

უკრაინაზე თავდასხმა იმის პარალელურად ხდება, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში წინსვლას ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი