ახალი ამბები

ლიპეცკის ოლქზე უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, რუსეთმა ევაკუაცია დაიწყო

9 აგვისტო, 2024 •
ლიპეცკის ოლქზე უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, რუსეთმა ევაკუაცია დაიწყო

პარასკევს, 9 აგვისტოს, რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების შეტევის შემდეგ, რუსეთმა მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო.

როგორც რეგიონის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა განაცხადა, უკრაინული დრონების მასობრივ თავდასხმას აფეთქებები მოჰყვა, რის შედეგადაც გაითიშა ელექტროენერგია და დაიჭრა 9 ადამიანი.

როგორც გუბერნატორმა Telegram-ზე აღნიშნა, ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ოთხი სოფელი, რომელიც საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს მდებარეობს, უკვე ევაკუირებულია. რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მოსკოვის დროით ღამის 02:00 საათზე განგაშის წითელი დონე ამოქმედდა, თუმცა მოგვიანებით ის გაუქმდა, ამჟამად კი ოლქის მთელ ტერიტორიაზე განგაშის ყვითელი დონეა გამოცხადებული.

არტამონოვმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონულმა მთავრობამ გააუქმა ყველა გასართობი ღონისძიება და გაზარდა უსაფრთხოების ნორმები სპორტული ღონისძიებებისთვისაც. ლიპეცკის ოლქში ტრანსპორტიც არ ფუნქციონირებს. ადგილობრივ საწარმოებს მიუთითეს, რომ თუ გადაუდებელი საჭიროება არ არის, სამუშაო პროცესი არ განაახლონ.

“ჩვენ არ გვეშინია, პოზიციას არ ვთმობთ, თუმცა ჩვენი ხალხის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ დავაყენებთ“, – განაცხადა მან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 75 უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი განადგურდა ღამით რუსეთის თავზე. საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ცნობით, მათი უმეტესობა ბელგოროდისა და ლიპეცკის რეგიონებში დააფიქსირეს.

უკრაინის ხელისუფლებას ლიპეცკის რაიონში თავდასხმის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ლიპეცკის ოლქი კურსკს ესაზღვრება, რომელსაც უკრაინული ძალები უტევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი