ახალი ამბები

ზელენსკი: რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა

9 აგვისტო, 2024 •
ზელენსკი: რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა

რუსეთში, კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი მიიტანა და  თავადაც უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა.

„რუსეთმა ჩვენს მიწაზე ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა. ჩვენ კი ვისწრაფვით, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ საკუთარ მიზნებს, მშვიდობას – სამართლიან მშვიდობას. ასეც იქნება“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.

სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების მსგავსად, ზელენსკის პირდაპირ არ უსაუბრია კურსკში მიმდინარე მოვლენებზე.

გუშინ, 7 აგვისტოს, კურსკის ოლქში საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა.

უკვე მესამე დღეა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს. გუშინ, 6 აგვისტოს დილით, იქ უკრაინული სამხედრო შენაერთები შევიდნენ.

მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგიერებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაიშალა.

ამ ეტაპზე გადამოწმებული და ოფიციალური ინფორმაცია ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, თუმცა „ნეტგაზეთმა“, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, თავი მოუყარა ამ მომენტისთვის არსებულ ინფორმაციას. ცნობილია, რომ უკრაინელებმა ათეულობით რუსი სამხედრო აიყვანეს ტყვედ და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტიც დაიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი