“სასამართლოს განჩინება არანაირ საფრთხეს არ შეიცავს მედიისთვის.
ჟურნალისტებს, რომლებმაც ნეტგაზეთს კომენტარები მისცეს ამ საკითხზე, არ ესწავლებათ, რომ ნებისმიერი კონკრეტული ფაქტი არ არის ზოგადი ხდომილება (მზის ამოსვლა, ან ჩასვლა) და მას აუცილებლად ახლავს შესაბამისი კონკრეტული კონტექსტი. მოსამართლის მსჯელობა ზემოაღნიშნულ განჩინებაში რუსთავი 2-ის მიერ საკითხების გაშუქებაზე, მედიის მოვალეობაზე, საზოგადოების უფლებაზე, მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრაციაზე და ა.შ. მიმდინარეობს მესაკუთრეთა დავის კონტექსტში და არა განყენებულად. რომ არ არსებობდეს მესაკუთრეთა დავა, მოსამართლის მსჯელობა მაუწყებლის საქმიანობის და ინფორმაციის გაშუქების საკითხებზე, რამაც, მისი აზრით, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არხის რეიტინგზე და გაზარდოს ფინანსური და ქონებრივი ზარალის რისკები, საერთოდ არ იქნებოდა აქტუალური. მიზეზი მარტივია, დავის არარსებობის შემთხვევაში ამ შესაძლო ზარალის კონკრეტული ადრესატი ცნობილია, გარკვეულია და ეს კომპანიის მფლობელები არიან, მაგრამ რადგან მესაკუთრეთა შორის მიმდინარეობს დავა და დღეს უცნობია, ეს დავა, ვის სასარგებლოდ დასრულდება, მომავალი მფლობელების ინტერესშია, ტელეკომპანია რუსთავი 2 დღეს იმართებოდეს ისე, რომ არ დაუვარდეს რეიტინგი და, შესაბამისად, არ გაეზარდოს ფინანსური და ქონებრივი ზიანის მიღების რისკები. სასამართლოა ის ერთადერთი ორგანო, რომელმაც არა მხოლოდ საბოლოო კანონიერი გადაწყვეტილების მიღება უნდა უზრუნველყოს ამ დავაზე, არამედ პროცესის დასრულებამდე, ასევე, უნდა უზრუნველყოს კომპანიისთვის შესაძლო ფინანსური და ქონებრივი ზიანის ასაცილებლად პრევენციული ზომების მიღება.
ზუსტად ამ მიზეზების გამო ახლდა, ჩემი აზრით, მოსამართლის მხრიდან, სამოტივაციო ნაწილს ამ საკითხებზე მსჯელობა და რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არანაირი მცდელობაც კი არ ყოფილა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არსებობდა და ჩანდა ასეთი გარემოებები, ქმედებები მაუწყებლის მხრიდან, რომელსაც შესაძლოა არხის რეიტინგის ვარდნა და, შესაბამისად, ფინანსური და ქონებრივი ზიანის მიღების რისკები გაეზარდა?
რა თქმა უნდა არსებობდა და არსებობს დღესაც. ვრცელი ჩამონათვალი რომ არ გავაკეთო, ჩემთვის (და ეჭვი მაქვს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის) რამდენიმე ქმედებაც კი საკმარისია ამის დასანახად:
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 დავის დაწყებისთანავე მისმა მენეჯმენტმა აქცია მხარედ, კომპანიამ დავის პროცესში დაიკავა ერთ-ერთი მოდავე მხარის პოზიცია. რა მოწმობს ამას? მაგალითად, რუსთავი 2-ის იურისტი ერთ-ერთი მესაკუთრის (მოდავე მხარის) ადვოკატია. კომპანიის ფაქტიურ მხარედ ქცევამ გამოიწვია სხვა ქმედება;
“რუსთავი 2”-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება გადატანილ იქნა ძირითადად არსებული სასამართლო დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. რაც გამოხატული იყო სასამართლო პროცესის გაშუქებით, სადაც ტელეკომპანია, მისი მენეჯერის სახით, ფაქტობრივ მხარედ იქცა. ასევე გამოიხატა რამდენჯერმე დადგენილი, წინასწარ განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დარღვევით, სასამართლო დავის გარშემო საკითხების სპეციალური, დაუგეგმავი გამოშვებებით გაშუქების გზით;
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სახეზეა სამაუწყებლო პროდუქტის (და არა სარედაქციო პოლიტიკის) იმგვარი ცვლილების რისკები, რომლებმაც შეიძლება შეამციროს სარეკლამო შემოსავლები, შეამციროს რეიტინგი და გაიზარდოს ქონებრივი ზიანის დადგომის ალბათობა. ტელევიზია ჩვეულებრივი ბიზნესია. კოკა-კოლას მწარმოებელმა კომპანიამ ამ კომპანიის მესაკუთრეების დავის პროცესში სპრაიტის გამოშვება რომ დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გამაგრილებელი სასმელია, შეიძლება ბაზარზე არ გაიყიდოს და კომპანია ფინანსური ზარალის მიღების რისკების ქვეშ დადგეს. ამ კონტექსტში საუბრობს სასამართლოს განჩინება სამაუწყებლო პროდუქტის ცვლილების შედეგად მოსალოდნელი ფინანსური რისკების შესახებ. სხვანაირად სამაუწყებლო პროდუქტზე ვერ ილაპარაკებდა. რაც არც ერთ შემთხვევაში არ არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა”, – აცხადებს ბექაური ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.
რაც შეეხება იმას, დაარღვია თუ არა რუსთავი 2-მა წინასწარ განსაზღვრული ბადე რამდენჯერმე, ბექაურის ამ განცხადებამდე გუშინ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ვკითხულობთ:
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის სამაუწყებლო ბადე, მათ შორის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, ასევე არხზე კრიტიკული აზრის ფიქსირების მოცულობა არ შეცვლილა შემცირების/გაუქმების თვალსაზრისით, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია”, – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიიის 9 ნოემბრის განცხადებაში.
რაც შეეხება უშუალოდ ნეტგაზეთის სტატიას, ის კონცენტრირებული თამაზ ურთმელიძის განჩინების ამ ნაწილზე:
“არსებობს საფრთხე, რომ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება შეიძლება გადატანილ იქნას მხოლოდ და მხოლოდ არსებული [სასამართლო] დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. ეს არა მხოლოდ უარყოფიდათ აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშნულება – იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე”.
“სასამართლო აღნიშნავს, რომ მედიას ევალება, ხოლო საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია საკითხებზე, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთვნება. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, ეს გულისხმობს ინფორმაციის გაშუქებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც შესაძლოა ეხებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს და გამორიცხავს მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრაციას. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის [ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 “-ის პარტიორები], მმართველობის პირობებში ეს საკითხი დგას კითხვითი ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულებელყოფა კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითად დანიშნულებას”, – ვკითხულობთ მოსამართლის განჩინებაში.
სტატიის მიხედვით, განჩინების სწორედ ეს პუნქტი იწვევს ჟურნალისტებისა და იურისტების ნაწილის აღშფოთებას, რადგან მათი აზრით, ახალი სტანდარტი, რომელსაც სასამართლო ამკვიდრებს, სცდება ერთი კონკრეტული არხის წილების თემაზე მიმდინარე დავას და ის ზოგადად მედიის საქმიანობას აყენებს საფრთხის წინაშე საქართველოში, რადგან მის შინაარსობრივ რეგულირებას ცდილობს. გარდა იმ ჟურნალისტების, რომლებიც ზემოხსენებულ ჩანაწერს სტატიაში აფასებენ, ამ საკითხზე თავისი ნეგატიური პოზიცია ასევე გამოხატა OSCE-ს [ეუთო] წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა, რომელმაც თქვა: “სარედაქციო გადაწყვეტილებები სასამართლოს დარბაზებში არ უნდა მიიღებოდეს”; ასევე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ: “მოსამართლე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში იჭრება”; მედიაადვოკატირების კოალიციამ: “კოალიცია უაღრესად შეშფოთებულია იმ საშიში პრეცედენტით, რომელიც იქმნება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რუსთავი 2-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მედიის მიერ საკითხების გაშუქების მართებულობასა და მედიის ობიქტურ მუშაობაზე. საკითხების ობიექტური გაშუქება სარედაქციო გადაწყვეტილებების, თვირთრეგულირების ნაწილია, ცენზურა დაუშვებელია და ამგვარი რეგულირება ქმნის საშიშ რისკებს მედიის, როგორც ინსტიტუციის ფუნქციონირებისთვის”.
სასამართლოს განჩინება არანაირ საფრთხეს არ შეიცავს მედიისთვის.ჟურნალისტებს, რომლებმაც ნეტგაზეთს კომენტარები მისცეს ამ ს…
Posted by Kakha Bekauri on Tuesday, November 10, 2015