“მე ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიქნები “ქართული ოცნების” მომავალ არჩევნებში, ყველა ჩემი რესურსით მე მაქსიმალურად მხარს დავუჭერ “ქართულ ოცნებას”. ასეთი განცხადება მე მათთან გავაკეთე. ისიც შევახსენე ჩემს თანაგუნდელებს, ბევრ მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანია იქ, სპორტსმენი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე თუ ხელოვნების მუშაკი. მაშინ გვქონდა მხოლოდ ეს შესაძლებლობა, ჩვენ მოვახერხეთ ისე შეგვერჩია და დაგვეკომპლექტებინა პარლამენტის წევრები, როგორც მოვახერხეთ. თითოეულო მათგანი არის ღირსეული. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ პარლამენტი, რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს. გუნდის წევრებად უნდა დარჩნენ ყველანი და იმედი მაქვს, ასეც მოხდება… ინგლისურენოვანი გვიჭირს, რომ ევროპაში გავგზავნოთ. განათლებული და უფრო დახვეწილი უნდა მოვიდეს. განათლებულიც ბევრია შიგნით, არ მინდა შეურაცხყოფად მიიღოს ვინმემ. განათლებულიც არ გვაკლია. პარლამენტში უნდა მოვახერხოთ და შევიდეს ისეთი ხალხი, ვისაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კანონწარმოებაში. მე ვხმარობ ხოლმე ამ ტერმინს, ხიდაშელი დამცინის ხოლმე ხშირად, წარმოება პროდუქციას უშვებს, ისევეა პარლამენტიც. პარლამენტის წარმოება არის კანონი. ეს გუნდი რომ შედის, მონაწილეობა უნდა მიიღოს თითოეულმა. დასამალი რაა. შეიძლება ხელოვანიც იყოს, იურისტიც იყოს, მაგრამ მათ უნდა ხელეწიფებოდეთ, რომ მიიღონ მონაწილეობა კანონის წარმოებაში. ისეთი ხალხი უნდა შევიდეს, ის არ უნდა იყოს მოსაწყენი ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჩვენი გუნდი არ არის სანიმუშო, სანიმუშო ადამიანებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ბევრი მათგანი არ არის ჩამოყალიბებული საპარლამენტო მუშაობისთვის. უნდა მოვახერხოთ ჩამოვაყალიბოთ ახალი გუნდი. თუ მე დამეთანხმებიან და, კიდევ ვამბობ, არავითარი ბერკეტი არ მაქვს ზემოქმების და ძალადობის და არც ვაპირებ, ჩემი გადმოსახედიდან, უკეთეს შემთხვევაში ნახევარი შეინარჩუნებს ადგილს, მაგრამ ეს ხალხი არიან ძალიან პატივსაცემი ხალხი, ეს გახლავთ ძალიან კარგი პროფესიონალები. მე ვიზრუნებ, რომ ისინი თავიანთი პროფესიებით დასაქმდნენ, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილი ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იმაზე მეტად აქტიური იქნება, ვიდრე 2012 წლის არჩევნებზე იყო.
