უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელმა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. ხვალ თვითმმართველობის 5 წარმომადგენელი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრთან ერთად განათლების სამინისტროში მივა და პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მინისტრთან ერთად ისაუბრებს.
განათლების მინისტრმა “მოამბესთან” საუბრისას განაცხადა, რომ სტუდენტებთან პასუხისმგებლობის აღების მიზნით მივიდა.
“მოვედი იმისათვის, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა ავიღო, რომ გავიგო რეალური პრობლემები, რომლებიც სტუდენტებს აწუხებთ და ამაზე ჩვენ ხვალ კიდევ დეტალურად ვისაუბრებთ. პირველ რიგში, ნამდვილად ვნახოთ, რა არის პრობლემები სტუდენტებთან მიმართებაში და რა არის სხვა პრობლემები, იმიტომ, რომ ეს ცოტა არ იყოს არეულია,” – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ უნივერსიტეტის პრესტიჟისა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული აქცია 20 ოქტომბერს დაიწყო. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადაყენება იყო. ასევე, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სწავლის გადასახადის მოხსნას, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური პირობების მოწესრიგებას, ადმინისტრაციის რეორგანიზებას, ბიუჯეტის გადახედვას, უღირსი და არაპროფესიონალი ლექტორების უნივერსიტეტიდან დათხოვნას, ლიტერატურის თარგმნასა და ინგლისური ენის სწავლების დაწყებას სერიოზულ დონეზე, ტენდერებისა გამჭვირვალობას, უნივერსიტეტის დეცენტრალიზებასა და გადაწყვეტილებების მიღებისას სტუდენტების მეტ ჩართულობას ითხოვენ.