ახალი ამბები

რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა ჯარიმებისთვის ფულს ადამიანის უფლებათა სახლი აგროვებს

24 მაისი, 2024 •
რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა ჯარიმებისთვის ფულს ადამიანის უფლებათა სახლი აგროვებს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე 200-მდე ადამიანი დააკავეს. მათ უმეტესობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას — წვრილმან ხულიგნობას, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას, გზის გადაკეტვას, შენობებზე საპროტესტო ბანერების გაკვრას და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებიან.

გარდა დაკავებულებისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს ათობით ადამიანის მიმართ. სასამართლო სხდომები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა, მათი ინტერესების დამცველი იურისტების ინფორმაციით, ფაქტობრივად, ყველა დააჯარიმეს, ვისი სხდომაც უკვე ჩატარდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის, თეონა ზაქარაშვილის შეფასებით, “რეალურად, ეს არ არის საქმის განხილვა. სასამართლო, უბრალოდ, ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს და ადასტურებს შსს-ს ოქმებს”.

ჯარიმის მინიმალური ოდენობა 500 ლარია, მაქსიმალური კი – 5000.

აქციებზე დაკავებულთა ჯარიმების გადასახდელ თანხას აგროვებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სახლი. ორგანიზაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ისინი კოორდინაციაში არიან უფლებადამცველი ორგანიზაციების ქსელთან, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს იურიდიულ მომსახურებას უფასოდ უწევენ.

ადამიანის უფლებათა სახლისთვის აქციებზე დაჯარიმებულ მოქალაქეებს მიმართვა შეუძლიათ მოქალაქეებს ინდივიდუალურადაც. ამისთვის მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და ორგანიზაციას მიწოდონ ინფორმაცია, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ.

ადამიანის უფლებათა სახლის მიერ შეგროვებული თანხა მოხმარდება არა მხოლოდ ჯარიმების გადახდას, არამედ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების სხვა საჭიროებებსაც, მათ შორის, სამედიცინო დახმარებას და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, ფიზიკური უსაფრთხოების საჭიროებებს და ა.შ.

მათ კი, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად, შეუძლიათ თანხა გადარიცხონ ადამიანის უფლებათა სახლის სპეციალურ ანგარიშზე:

მიმღები: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი/ THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI
დანიშნულება: დონაცია

“ჩვენი დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ინდივიდუალური პირი ან კერძო კომპანია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს და არ უქმნის საფრთხეს ორგანიზაციის რეპუტაციას. ორგანიზაცია არ იღებს დონაციას პოლიტიკური პარტიებისგან, ასევე არ ვიღებთ დაფინანსებას კორუფციულ საქმიანობაში შემჩნეული კომპანიებისგან”, — აცხადებენ ადამიანის უფლებათა სახლში.

24 მაისის 13:00 საათის მდგომარეობით, ანგარიშზე გადარიცხულია 34 868 ლარი, 2 224 ევრო და 720 დოლარი.

მხარდაჭერის მისაღებად, საჭიროა შეავსოთ სპეციალური ფორმა, ნებისმიერი სხვა კითხვის შემთხვევაში კი დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა სახლს ფეისბუქის მესენჯერის ან შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: info@hrht.ge

იურიდიული დახმარების მისაღებად ან კონსულტაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უფლებადამცველი ორგანიზაციების ქსელს შემდეგ ნომერზე: 577 07 05 63

ქსელი აერთიანებს შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), უფლებები საქართველო (RG); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

ამავე თემაზე:

ფოტო: DAVID MDZINARISHVILI / EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი