ახალი ამბები

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა – პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს

15 მაისი, 2024 •
სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა – პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

როგორც კომპანიის თანამშრომლები „ნეტგაზეთს“ ეუბნებიან, პოლიციას მათთვის არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს.

მათი თქმით, ყველა თანამშრომელს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის ერთი წარმომადგენელი ესწრება.

იმ დროს როცა პოლიცია პავილიონში შევიდა იქ რეკლამის გადაღება მიმდინარეობდა. თვითმხილველები „ნეტგაზეთთან“ აცხადებენ, რომ რეკლამაში 15-მდე ბავშვი მონაწილეობდა.

განახლება [18:00]

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დირექტორი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ კომპანიაში დღეს პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ვერსიით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე იდაყვი და მუშტი სახის არეში ჩაარტყა პოლიციელს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ნასამართლევი გ.ო. თბილისში დააკავეს“ — აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი