არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, მათ ცხელ ხაზზე 134 დაკავებული პირის შესახებ შევიდა შეტყობინება.
არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე.
არასამთავრობოების განცხადებით, ცხელ ხაზზე შეტყობინების მიღებისთანავე ეძებდნენ დაკავებულებს იზოლატორებში, ხვდებოდნენ მათ, აღწერდნენ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს და დაკავებულებს მათ უფლებებს განუმარტავდნენ.
8 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისათვის არსებული მდგომარეობით, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური ტენდენციები:
„ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 16-17 აპრილს დაკავებული პირების საქმეები. პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა 12 საქმის განხილვა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები წარმოადგენენ დაკავებულების ინტერესებს. არსებული შედეგების მიხედვით, სასამართლომ ყველა პირი მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და მათ მიმართ გამოიყენა საკმაოდ მკაცრი სანქციები.
კერძოდ, ერთ პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა (5 დღის ვადით), რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს უმკაცრეს სანქციას, ხოლო სხვა პირებს 2000 ლარიდან 2600 ლარამდე ოდენობის ჯარიმები შეეფარდათ. მხოლოდ ერთ პირს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა. ჯარიმების საერთო რაოდენობა ამ დროისათვის შეადგენს – 20 700 ლარს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
ორგანიზაციების განცხადებით, გარკვეულ საქმეებში თავად დაკავებულებმა წარადგინეს ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ნათლად ჩანდა, რომ დაკავების დროს მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას.
ამასთან, მათი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ მოწმედ გამოძახებული პირების განმარტებები არ შეესაბამებოდა სასამართლოში მათ მიერვე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების შინაარსს.
სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ორგანიზაციებია: