მუქარის შემცველ ზარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას“, — ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური, დღეს კი უკვე ქართული ნომრებიდანაც ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.

აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ამ ზარების უკან ხელისუფლება დგას, რადგან ანონიმური ზარის ავტორები აპროტესტებენ რუსული კანონისთვის რუსულის წოდებას.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ორგანიზაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ ლელა ჯანაშვილს მოუწოდა, რომ უწყებას შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს.

ამ თემაზე:

მუქარის შემცველი ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეთა ოჯახის წევრებთანაც ხორციელდება