10 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა

პარასკევს, 10 მაისს, მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაინიშნა.

დღის წესრიგის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 მაისს 3 საკითხი უნდა განიხილოს, თუმცა მათ შორის არ არის რუსული კანონი.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 10 მაისს სხდომა იმიტომ დაინიშნა, რომ იურიდიულ კომიტეტს ბევრი საკითხი დაუგროვდა, რასაც კომიტეტი პარასკევს განიხილავს. რუსულ კანონს კი, ამავე წყაროს თანახმად, კომიტეტი, სავარაუდოდ, ორშაბათს, 13 მაისს, განიხილავს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსული კანონის განხილვა 10 მაისს შეუძლებელია. თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ რუსული კანონი მესამე მოსმენით კომიტეტზე 10 მაისს განიხილოს, მას შეუძლია, რომ საკითხი პარასკევის სხდომის დღის წესრიგში დაამატოს.

საქართველოში 3-დან 12 მაისის ჩათვლით ოფიციალურად დასვენების დღეებია. მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, აღდგომის მომდევნო დღეები, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარასკევს კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით. მისივე განცხადებით, რუსული კანონი ორშაბათს, 13 მაისს განიხილება.