ახალი ამბები

28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

29 აპრილი, 2024 •
28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

დღეს, 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჭოი ციენს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში,ჩინეთის ელჩმა ქართულ მხარეს გადასცა ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული “საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება” ძალაში შევიდა.

შეთანხმების თანახმად, 2024 წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში და შეძლონ იქ 30 დღის მანძილზე ყოფნა.

“შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით.

ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამჟამად უვიზო რეჟიმი მოქმედებს ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში.

2023 წლის დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთის ერთჯერადი ვიზა 45 ლარი ღირდა, ორჯერადი — 70 ლარი, ნახევარწლიანი მრავალჯერადი — 90 ლარი, ერთწლიანი მრავალჯერადი — 135 ლარი, ხოლო ორწლიანი მრავალჯერადი — 135 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი