ზურაბიშვილი: მთავარი გამოცდა 26 ოქტომბერს არჩევნებთან ერთად მოვა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი შემაშფოთებელია, რადგან „ეს არის ზუსტად პუტინის კანონის ასლი, რომელიც 2012 წელს იქნა მიღებული და შემდეგ თანდათან გაიზარდა და განვითარდა“.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, ეს კანონი არის არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის საქმიანობის წინააღმდეგ.

„და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა თუ შეერთებული შტატების, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო 30 და მეტი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უჭერენ მხარს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამჯერად ამ კანონის გამეორება ქართველი ხალხის პირდაპირი პროვოცირებაა.

ზურაბიშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა. რაც არ არის გამჭვირვალე, ზურაბიშვილის თქმით, არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე და ის, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები.

„ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული? — ესაა მთავარი კითხვა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამს. ჩვენ მასობრივი დემონსტრაციების მესამე დღე გვაქვს, მასობრივი და მშვიდობიანი დემონსტრაციების და ხელისუფლებას მოვუწოდებ, არ მიმართონ პირდაპირ ან ირიბ შევიწროებას“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი ნათლად აჩვენებს ძალაუფლებაში მყოფი ზოგიერთის განზრახვას, დაბრკოლებები შექმნას ევროინტეგრაციის გზაზე.

„მთავარი გამოცდა 26 ოქტომბერს არჩევნებთან ერთად მოვა“, — დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუშიც დაადასტურა, რომ აპირებს ვეტო დაადოს კანონს.

„ჩემი ვეტო, რა თქმა უნდა, დაიძლევა, რადგან პარლამენტში არის უმრავლესობა, რომელსაც ჩემი ვეტოს დაძლევის მიზნები აქვს. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ეს ხმა ხმამაღლა და ნათლად იქნება გაგონილი“, — დასძინა მან.


„ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო.კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.