„არ უნდა ხალხს და მორჩა. ხალხია მთავარი. ხალხი წყვეტს ყველაფერს, ხალხი. დროზე გაიგეთ და მოეშვით რა“, – ასე ეხმაურება მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში „რუსულ კანონს“.
როგორც მებო ნუცუბიძე წერს, ახლაც ისევ ხალხმა უნდა იყოჩაღოს.
„ადამიანები დილიდან საღამომდე თავდაუზოგავად ვშრომობთ და წელებზე ფეხებს ვიდგამთ, რაღაცები რომ გამოგვივიდეს, ცოტა უკეთესად რომ ვიცხოვროთ. ყველას ჩვენ-ჩვენი საყვარელი საქმე, ჩვენ-ჩვენი მიზნები, ჩვენ-ჩვენი გეგმები, პატარა სიხარულები და პატარა გამარჯვებები გვაქვს. ამ დროს კი დღე არ გავა, ქვეყანაში რაღაც ისეთი არ მოხდეს, მთელი შენი ნაშრომი და იმ ნაშრომისგან მიღებული სიამოვნება რომ არ ჩაგამწაროს.
ხომ ხედავ, შე კაი ადამიანო, არ უნდა ამ ხალხს ეგ შენი კანონი. გინდა რუსული ეძახე, გინდა ფრანციცული, გინდა – ნემეცური. სახელს რა არსებითი მნიშვნელობა აქვს? მე რომ ჩემი სახლის წინ ორმოში დაგუბებულ წყალს ოკეანე ვეძახო, დროთა განმავლობაში შიგნით გემები გამოჩნდებიან? ზუსტად ეგრე არ ვარგა ეგ კანონი და დრო არაფერს შეცვლის.
არ უნდა ხალხს და მორჩა. ხალხია მთავარი. ხალხი წყვეტს ყველაფერს, ხალხი. დროზე გაიგეთ და მოეშვით რა. დროს ნუ გვაკარგვინებთ. შეგვარგეთ სიხარული. ცოტა ხნით მაინც გვაცალეთ ერთიანობა. მაგრამ, განა დაყოფილი და დაპირისპირებული უფრო კარგი სამართავი არაა?
ისევ ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ. ისევ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ გამარჯვება. და მალე უნდა მივხვდეთ, რომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ სახლში და ერთ ეზოში. ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი საქართველო და ერთად უნდა გავხადოთ უკეთესი. რათა მშვიდ და ევროპულ ქვეყანაში, სამუშაო დღის შემდეგ, სახლისკენ მიმავალი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდეთ, როგორ გავატაროთ საღამო ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. და ვიცოდეთ, რომ უსაფრთხო, დაცულ, მოქალაქეების ინტერესებზე მორგებულსა და მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“, – წერს მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში.
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.
