ახალი ამბები

კიდევ ერთი საიდუმლო ინვესტორი

27 სექტემბერი, 2010 • 2885
კიდევ ერთი საიდუმლო ინვესტორი

ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაწილი 15 მილიონ დოლარად აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე დაარსებულმა ფირმამ შეიძინა. მისი მფლობელი ოფ-შორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა. ქარხნის ქონების 27 მილიონ დოლარად გაყიდვის ხელშეკრულება კი ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელებთან 2007 წელს მოიშალა.

ვინ არის ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფოლბელი? _ ამ კითხვაზე პასუხის მიღებას საქართველოში ვერავინ ვერ შეძლებს, რადგან მისი მფლობელი იმ ტერიტორიაზეა დარეგისტრირებული, რომლის კანონმდებლობაც კრძალავს ფირმის დამფუძნებლის ვინაობის დასახელებას.

ამ ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით «ბათუმელებმა» შემდეგი ინფორმაციის მოპოვება მოახერხა: ქონების ნაწილი _ 30 ჰექტარი მიწის ფართობი და მასზე განთავსებული 47-მდე სანავთობე რეზერვუარი, თავისი ესტაკადითა და დამხმარე ნაგებობებით, პირველ სექტემბერს აუქციონზე შპს «ბათუმი პეტროლიუმმა» შეიძინა.

«ბათუმი პეტროლიუმის» წარმომადგენლის, იურისტ დავით ჯაიანის განცხადებით, საზოგადოების დამფუძნებელი ოფ-შორულ ზონაში

რეგისტრირებული კომპანია «ირადაა»: «როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ინვესტორები საქმიანობის შეცვლას არ აპირებენ. ისინი ქონებას ან გააქირავებენ (როგორც ხდებოდა დღემდე), ან თავად იმუშავებენ ნავთობის ტრანზიტზე».

ამ ქონების შესყიდვა წლების წინ ბათუმის ნავთობტერმინალის მეპატრონეებს სურდათ. მათ ეს ქონება იჯარით ჰქონდათ აღებული და გარკვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც ჩაატარეს, თუმცა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გაჭიანურდა. შემდეგ ნავთობტერმინალის მფლობელმა, იან ბოდენ ნილსენმა გრანდიოზული პროექტის _ ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების იდეა წამოაყენა. ამ მიზნით მან მოლაპარაკება ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია «ყაზმუნაიგაზთან» დაიწყო.

შეიქმნა ერთობლივი საწარმო „BATUM LAND HOLDINGS LIMITED“-ი, რომელსაც მთავრობამ 2007 წლის ივლისში, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა პირდაპირი მიყიდვის წესით 27 100 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. გაყიდვის პირობა ახალი ქარხნის აშენებასაც ითვალისწინებდა. თუმცა, სამ თვეში, ანუ იმავე წლის ნოემბერში, საქართველოს პრეზიდენტისავე განკარგულებით, ამ კომპანიას ქარხანა ჩამოართვეს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მაშინდელი მოადგილის, კახა დამენიას განცხადებით, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ინვესტორების მხრიდან შეთანხმების რიგი პირობების დარღვევა _ «ინვესტიციების დაბანდების და შრომითი დასაქმების თვალსაზრისით». «ყაზმუნაიგაზის» წარმომადგენელმა, არჟაან ტაკაჩაკოვმა კი რადიო «თავისუფლების» ყაზახეთის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის იდეაზე ჩვენ გარკვეული ტექნიკური პირობების გამო ვთქვით უარი. იქ ადგილმდებარეობასა და ქართული მხარის ზოგიერთ პირობასთან დაკავშირებით პრობლემები იყო. ამიტომ ნავთობქარხანას ჩვენ ბათუმში აღარ ავაშენებთ». 

ამის შემდეგ, 2008 წლის თებერვალში, «ბათუმი ლენდ ჰოლდინგს ლიმიტედ»-ის აქციების 100-პროცენტიანი წილი «ყაზმუნაიგაზის» შვილობილმა კომპანიამ, «ყაზტრანსოილმა» შეიძინა, რომლის ერთ-ერთ ძირითად საწარმო ქვედანაყოფს «ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ»-ი წარმოადგენს.

ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ძირითადი საშუალებები და 30 ჰექტარი მიწის ფართობი ამჯერად იმაზე გაცილებით იაფად გაიყიდა, ვიდრე ამ სექტორში მიწის საბაზრო ღირებულებაა. ინვესტრომა 1 კვ/მეტრში 50 დოლარი უნდა გადაიხადოს. ბათუმის საკრებულოს მიერ დაწესებული მიწის ნორმატიული ფასი კი ამ სექტორში 1 კვ/მეტრზე 81 ლარია; ხოლო კომერციული ფასი ნორმატიულს მინიმუმ 3-4 ჯერ აღემატება. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, «განხორციელებული პრივატიზაციის შემდეგ ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა პროფილს არ შეიცვლის და იმუშავებს, როგორც ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი». თუმცა, აუქციონის პირობები მყიდველს ასეთი პროფილის შენარჩუნებას არ ავალდებულებს.

სააუქციონო პირობების მიხედვით, მყიდველმა ქონების ღირებულების 50 პროცენტი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, დარჩენილი თანხა კი პირველ დეკემბრამდე დაფაროს. «მყიდველი ვალდებულია, ქონების ექსპლუატაცია არსებული სტანდარტებისა და წესების თანახმად მოახდინოს და არ იქნას გამოყენებული დისკრიმინაციული პოლიტიკა რეგიონში არსებული მომხმარებლების მიმართ» _ ამის გარდა სხვა რაიმე პირობა სახელმწიფოს მყიდველისთვის არ წაუყენებია.

 

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ბედი

ბათუმში ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სავარაუდოდ, აღარ აშენდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციას ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი აქვს გამოცხადებული, სად აშენდება ქარხანა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კი საამისოდ უკვე აღარ გამოდგება. ქარხნის მნიშვნელოვანი ქონება და ტერიტორია გაიყიდა. დარჩენილი 50  ჰექტარი კი, როგორც ქარხნის დირექტორმა _ ნოშრევან თავდგირიძემ განაცხადა, სავარაუდოდ, ბათუმის თვითმმართველობას გადაეცემა.  

ქარხნის ლიკვიდაციისთვის მზადება ჯერ კიდევ სამი თვის წინ დაიწყო, როცა 60 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვეს. ნოშრევან თავდგირიძის მაშინდელი განცხადებით, ქარხანა უკვე ნაყიდი ჰქონდა უცხოელ ინვესტორს. ქარხნის დირექტორი ინვესტორთა ვინაობას ვერც ახლა ასახელებს: «მყიდველის რეალური ვინაობა ნამდვილად არ ვიცი. აქ არავინ მოსულა, დასათვალიერებლადაც კი».

მინისტრ ვერა ქობალიას თქმით, «ეკოლოგიურად სუფთა ტერმინალში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება». «ბათუმი პეტროლიუმს» ქარხნის მუშების დასაქმების პირობაც კი არ დაუდვია. როგორც ფირმის წარმომადგენელი, დავით ჯაიანი აცხადებს, «ბათუმი პეტროლიუმი», სავარაუდოდ, ქონებას ისევ «ყაზტრანსოილს» მიაქირავებს. ჯერჯერობით, აღნიშნულ ქონებას ისევ ეს ორგანიზაცია განკარგავს.

როგორც «ყაზტრანსოილის» თანამშრომელმა «ბათუმელებთან» არაოფიციალურ საუბარში განაცხადა, თითოეული ტონის გადატვირთვაში კომპანია ქირის სახით 0,5-დან 1,5-დოლარამდე იხდიდა: «ახალი მეპატრონე რა პირობას წარმოგვიდგენს, ჯერ არ ვიცით. უპრიანი იყო, ეს ქონება ისევ ჩვენს კომპანიას ეყიდა, რადგან იგი თენგიზის საბადოს ნავთობზე მუშაობს, რომელსაც დიდი შესაძლებლობები გააჩნია. თუმცა ტერმინალი მნიშვნელოვნად არ დაზარალებულა».

ტერმინალის თანამშრომლის თქმით, ქარხნის რეზერვუარების უმეტესობა მოძველებულია და მათ რემონტი სჭირდებათ: «პატარ-პატარა რეზერვუარებია, 1000 და 2000-ტონიანები. მხოლოდ 5-6-ია შედარებით დიდი. წესით, მეპატრონემ ისინი უნდა დაჭრას და 7 და 10-ათასტონიანი რეზერვუარები დადგას».

 ნავთობპოლიტიკა

«ბათუმი პეტროლიუმის» უკან აზერბაიჯანელი და თურქი ინვესტორები სახელდებიან. გაჩნდა ვერსიები აზერბაიჯანული კომპანიის მიერ ყაზახურის ჩანაცვლების, ასევე ნავთობტერმინალის ბათუმიდან გადატანის შესახებ.

ტერმინალის თანამშრომლების განცხადებით, საკურორტო სეზონზე თენგიზის საბადოს ნავთობის მოწოდება შეწყდა: «ეს ნავთობი დიდი რაოდენობით გოგირდს შეიცავს, რის გამოც ქალაქში ხშირად უსიამო სუნია. ამის გამო სახელმწიფომ ზაფხულში ამ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება მოითხოვა. ამიტომაც, ჯერჯერობით ოთხნახევარი მილიონი ტონა გვაქვს გადატვირთული, როცა 6 მილიონი ტონა უნდა გადაგვეტვირთა. ნავბთობტერმინალის შესაძლო გადატანაზეც ხშირად საუბრობენ, თუმცა ეს ძალიან ძვირი ჯდება».

ეკონომიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის განცხადებით, ვერსიები საფუძველს მოკლებული არ არის: «სახელმწიფო პოლიტიკა ამჟამად ბათუმის ტურისტული განვითარებისკენ არის მიმართული და აქ ნავთობტერმინალი ხელის შემშლელი ფაქტორია. მისი გადატანა ნამდვილად ლოგიკური იქნება. რაც შეეხება «ბათუმი პეტროლიუმს», აქ სერიოზული ინვესტიციის მოზიდვა არ ჩანს. გამორიცხულია, ხელისუფლების მერკანტილური ინტერესების გარეშე სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია. აქ რეალურად ამასთან გვაქვს საქმე».

ოფშორული ზონებიდან კაპიტალის შემოდინების მიზნით საქართველოს სახელმწიფომ კანონმდებლობა 2006 წელს გაამარტივა. ეკონომიკის ექსპერტის, დავით ნარმანიას თქმით, ეს კახა ბენდუქიძის ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო: «ბევრი ევროპული და ამერიკული ქვეყანა ოფშორული ზონებიდან კაპიტალის შემოდინებას ზღუდავს იმ მოტივით, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები და საფრთხეები თავიდან აიცილოს. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა კი იქითკენ მიდის, რომ მთავარია კაპიტალი შემოვიდეს და მნიშვნელობა არა აქვს მის წარმომავლობას. ასეთ პოლიტიკას უფრო აზიური ქვეყნები: სინგაპური, ტაილანდი, ფილიპინები და სხვები ახორციელებენ».

ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

მასალების გადაბეჭდვის წესი