ჩემს სახლთან ახლოს მეგობარ აქტივისტებს თავს დაესხნენ – ნატა ფერაძე

“ჩემგან წასულ რამდენიმე მეგობარ აქტივისტს ქუჩაში დაესხა თავს ალტ-ინფო. პოლიციამ დაიცვა. ნუ მოხვალთ ჩემთან, უბანში დგანან, ეტყობა ჩასაფრებული”, – წერს აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში.

ინციდენტი, სავარაუდოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი ალტ-ინფოს წევრები იშლებოდნენ.  ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც თავს დაესხნენ, მედიასთან ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“მოვდიოდი მეგობრებთან ერთად. იდგა კონკრეტული ჯგუფი, არც ვიცოდი თავიდან, ალტ-ინფოელები იყვნენ თუ ვინ იყვნენ. გავცდით. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოვბრუნდი, ვკითხე, ვის შეაგინეთ-მეთქი და წამიერად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება”, – ამბობს აქტივისტი “მთავარ არხთან” საუბარში. 

როგორც ახალგაზრდები ჰყვებიან, მათთან მალევე მივიდა პოლიცია. 

ნეტგაზეთი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა, მათგან დადასტურებული ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.



მთავარ ფოტოზე: კადრები ინციდენტის დროს გადაღებული ვიდეოდან.