ახალი ამბები

ევროკავშირის #1 რეკომენდაცია – ბრძოლა დეზინფორმაციის, საინფორმაციო მანიპულაციებისა და გარე ჩარევის წინააღმდეგ

20 დეკემბერი, 2023 • 1762
ევროკავშირის #1 რეკომენდაცია – ბრძოლა დეზინფორმაციის, საინფორმაციო მანიპულაციებისა და გარე ჩარევის წინააღმდეგ

ავტორი: ნინო რიჟამაძე, კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“

ევროკავშირისკენ მისწრაფების ისტორიულ გზაჯვარედინზე საქართველოს საზოგადოების საგარეო ორიენტირი და საინფორმაციო უსაფრთხოების კოგნიტიური უნარი უპრეცედენტოდ გამძლე აღმოჩნდა, რომელმაც გადალახა სტრატეგიული დეზინფორმაციის, საინფორმაციო მანიპულაციური ტაქტიკებისა და შიშების კულტივაციისთვის ხელსაყრელი შეთქმულების თეორიების უწყვეტი ნაკადები. საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია. თუმცა რუსეთის მცდელობები, დეზინფორმაციითა და საინფორმაციო მანიპულაციებით გატეხოს საქართველოს საზოგადოების ერთსულოვნება, არ არის განეიტრალებული. სწორედ ამიტომ, უნდა მოვითხოვოთ რეფორმების გატარება ახლა!


2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და განსაზღვრა ცხრა რეკომენდაცია, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი პერსპექტივისთვის. ევროკომისიის მიერ დასახელებული რეკომენდაციები საქართველოსა და მისი საზოგადოების კეთილდღეობის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, სტაბილურობის, ეკონომიკური მდგრადობისა და საზოგადოების ერთიანობის მიზნებს ემსახურება.

გასაკვირი როდია, რომ ჩამოთვლილ პრიორიტეტებს შორის პირველ სავალდებულო ნაბიჯად განსაზღვრულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, საინფორმაციო მანიპულაციებთან და გარე ჩარევასთან ბრძოლა, რამდენადაც ამ რეკომენდაციის შესრულება დიდწილად განაპირობებს დანარჩენი რვა ნაბიჯის კეთილსინდისიერად შესრულებას.

პირველი რეკომენდაციის შინაარსი საქართველოში ძირითადად დეზინფორმაციის ზოგადი პრობლემის კონტექსტში განიხილება. თუმცა, კომისიის მიერ გამოყენებული განსაზღვრება,  პრობლემის აღწერა და კონტექსტი, რაც წინ უძღოდა რეკომენდაციის შემუშავებას, მიუთითებს, რომ მასში მოიაზრებს ევროკავშირის საინფორმაციო მანიპულაციებთან და გარე ჩარევასთან ბრძოლის (FIMI)-ის  დოქტრინის  ფარგლებში მოქცეული ღონისძიებების, განზრახვებისა და შემსრულებლების წინააღმდეგ მოქმედების ვალდებულებას, რომლის მიზანი  ევროკავშირის ღირებულებებისთვის დარტყმების აცილებაა.

 თავის მხრივ, ევროკავშირის ღირებულებები კონკრეტულ ჩამონათვალს გულისხმობს, რომლებიც ლისაბონის ხელშეკრულების მეორე თავით არის განსაზღვრული და ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას გულისხმობს. 

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განმარტების თანახმად, საინფორმაციო მანიპულაციები და გარე ჩარევა (FIMI) გულისხმობს: საქმიანობას, რომელიც ემუქრება ან ნეგატიური გავლენის პოტენციალი აქვს პოლიტიკურ პროცესებზე, ღირებულებებსა და [დემოკრატიულ] პროცედურებზე. ამგვარი აქტივობები მანიპულაციური ხასიათისაა, სრულდება მიზანმიმართულად და კოორდინირებულად. ამგვარი ქმედებების შემსრულებლები შეიძლება იყვნენ როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო (არაოფიციალური) ჯგუფები, მათ შორის მათი მოკავშირეები როგორც კონკრეტული ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს კონცეფცია, ფაქტების შინაარსისა და სიზუსტის გარდა, ხაზს უსვამს კოორდინირებული საქმიანობისა და მანიპულაციური ქცევის მოდელს, როგორც საფრთხის ძირითად ინდიკატორს. ამ თვალსაზრისით საინფორმაციო გარემოს მანიპულირება [და დეზინფორმაცია] არის ამ კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი.

ევროპული საბჭოს დასკვნის მიხედვით, საინფორმაციო მანიპულაციები და გარე ჩარევა ხშირად გამოიყენება ფართო ჰიბრიდული კამპანიების ნაწილად და მიზნად ისახავს დემოკრატიული საზოგადოებების შეცდომაში შეყვანას, მოტყუებას და დესტაბილიზაციას, კულტურული და სოციალური განსხვავებების ბოროტად გამოყენებას, რაც აბრკოლებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებას. 

ევროპული საბჭო ამ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ წინ უძღოდა სტრატეგიული და კოორდინირებული ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა. 

რატომ არის ეს კონცეფცია და რეკომენდაცია დროული საქართველოსთვის?

საქართველოში დეზინფორმაცია და რუსეთის მიერ საინფორმაციო მანიპულაციების გამოყენებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, როგორც ჰიბრიდული ომის იარაღი, არაერთი სახელმწიფო უწყების დონეზეა აღიარებული. დღესდღეობით რუსული დეზინფორმაციული კამპანიები მიზნად ისახავენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებას, შეასუსტონ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა, ევროატლანტიკური ინსტიტუტები წარმოაჩინონ დისფუნქციურ, უსარგებლო გაერთიანებებად და დასახონ საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის საფრთხედ.

საინფორმაციო მანიპულაციებით გამოწვეულ გარე საფრთხეებს აძლიერებს მმართველი პარტიისა თუ სამთავრობო სტრატკომების მიერ გამოყენებული საინფორმაციო მანიპულაციების მრავალფეროვანი ტაქტიკები, რომლებიც უმეტესად შიდა პოლიტიკური სარგებლის მიზნით წარმოებენ, მათ შორის ეხმარებიან ანტიდასავლური განწყობების შემქმნელ ნარატივებსაც. ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გახმოვანება საქართველოს პოლიტიკური მმართველების მიერ ქმნის დაბნეულობას, თესავს ირაციონალურ შიშებს და აღრმავებს საზოგადოების გაუცხოებას, რაც ქვეყნის საინფორმაციო მედეგობას გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ასე, მაგალითად, „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღების მცდელობა, „გლობალური ომის პარტიის“, „მეორე ფრონტის“, „ლიბერალური ფაშიზმის“ შესახებ შეთქმულების თეორიების გავრცელება, საინფორმაციო მანიპულაციებისა და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციის ნიმუშებია.

დამატებით, აშშ-ის მიერ ექსტრემისტულად აღიარებული დაჯგუფება ალტ-ინფო, რომელიც საქართველოში მოქმედი რუსული, რადიკალური დაჯგუფებაა და რუსული საინფორმაციო ოპერაციების ადგილობრივი შემსრულებელია, ფლობს სამაუწყებლო ლიცენზიას, წარმოდგენილია პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობის“ სახით და განაგრძობს წარმომადგენლობების ქსელის შექმნას, რაც ეროვნული უსაფრთხოების რისკებს შეიცავს. ამ დაჯგუფების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულები ორგანიზებული ძალადობის სახით, სათანადოდ გამოძიებული არ არის. 

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა და ევროკომისიას წარუდგინა 9 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმა. 

გარდა ამისა, 12 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი – საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის, რომლის გაცხადებული მიზანია: „მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე.“ გარდა ამისა, სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ცხადდება დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა. 

იმისათვის, რომ შეფასდეს, როგორ აპირებს ხელისუფლება პირველი რეკომენდაციის შესრულებას, ცნობილი უნდა იყოს, როგორ ხედავს და აფასებს დეზინფორმაციის, საინფორმაციო მანიპულაციებისა და გარე ჩარევის საფრთხეებს. დღეისათვის, არც ერთი დასახელებული დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და, შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ და რის წინააღმდეგ იგეგმება მუშაობა. 

საქართველოში დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ საპარლამენტო ფორმატში თანამშრომლობის მაგალითი არსებობს. 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომლის თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ წარმოდგენილ ანგარიშში აღიარებული პრობლემები იმდროინდელი რეალობის ამსახველია, თუმცა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულებული არ არის. 

ევროკომისიის რეკომენდაციის შინაარსისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მის შესასრულებლად პირველ ეტაპზე უნდა ჩამოყალიბდეს წარმომადგენლობითი, პროფესიული და აკადემიური ფორმატი, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ სფეროს ექსპერტიზის მქონე სამოქალაქო ორგანიზაციებს, ჰიბრიდული საფრთხეებისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებს, სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ მედიასაშუალებებს. უნდა დოკუმენტირდეს არსებული გამოწვევები, საფრთხეები და დაისახოს მათთან ბრძოლის გზები.


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zinc Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ.

მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს “ნეტგაზეთის” ან დონორის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი