2024 წლიდან თბილისში სასკოლო ტრანსპორტს უფლება ექნება, ავტობუსის ზოლში იმოძრაოს. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამის საჭიროება საცობებით ახსნა.
„ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომობილების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა, პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებას, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ საავტობუსე ზოლში გარკვეული პირობებით გადაადგილების უფლება“, — განაცხადა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება პირობებს:
როგორ უნდა მიიღოს სკოლის ტრანსპორტმა ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება?
კახა კალაძის განმარტებით, ამ უფლების მისაღებად სკოლამ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა წარუდგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია: ავტობუსების რაოდენობა შესაბამისის ახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით, ასევე, კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა.
ცვლილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს. კალაძის ინფორმაციით, თბილისში ამ ეტაპზე მოძრაობს სკოლების მიერ მოსწავლეებისთვის დაქირვებული 19 ავტობუსი, 164 მიკროავტობუსი და 82 მინივენი.
რეგულაცია სატესტო რეჟიმში იმუშავებს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე.