2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის 2%-მდე დაწევის მოთხოვნით 2 დეკემბერს, 20:00 საათზე აქცია დაანონსდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მოქალაქეები თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან:

„შაბათს, 2 დეკემბერს, 20:00-ზე შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე მდუმარე აქციის პირობებში, ყველა მსურველს შეგიძლიათ მოხვიდეთ და იქონიოთ ბანერი საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ. ჩვენი მიზანია, რომ შევახსენოთ რუსულ მთავრობას და საზოგადოებას ბარიერის 2%-მდე დაწევის პირობა, რომელიც პირველად 2019 წელს „გავრილოვის ღამეს“ მივიღეთ და ჯერ კიდევ არ შესრულებულა.

მორიგი პირობა მმართველმა პარტიამ ჯერ 2021 წლის მიშელის შეთანხმებით დადო, ხოლო 2022 წელს პირობა დადეს, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში, ბარიერს 2%-მდე დაწევდნენ, თუმცა ყველა ეს დაპირება შეუსრულებელი დარჩა“, — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში, რომლის ორგანიზატორიც არიან სამოქალაქო მოძრაობები „ტალღა“, „ჯიუტი“ და „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“.

საქართველოს კონსტიტუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. თუმცა, 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით დადებული 19 აპრილის ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ გატარდებოდა საარჩევნო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ბარიერი „ბუნებრივიდან 2%-მდე“ განისაზღვრებოდა.

19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე პარლამენტმა 2021 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას ითვალისწინებდა. თუმცა მეორე და მესამე მოსმენა არ გამართულა და საკონსტიტუციო ცვლილებებიც ძალაში არ შესულა. მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ბარიერის დაწევის არავითარი ვალდებულება არ აქვს. ამას ერთოდა ისიც, რომ 2021 წლის ივლისში მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

თუმცა მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, დღის წესრიგში ისევ დაბრუნდა საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, მაშინ საარჩევნო ბარიერს 2%-მდე დაწევდნენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 7 ივლისს გააკეთა, როდესაც უკვე ჩავლილი იყო ევროპული საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო.

კერძოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ „[2022 წლის] დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება“.

მოგვიანებით ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის საკითხის ხელმეორედ გარკვევა 2023 წლის ბოლომდე გადადო, თავდაპირველად დაანონსებული 2022 წლის დეკემბრის ნაცვლად. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ კობახიძე გულისხმობდა კანდიდატის სტატუსის 2022 წელს მიღებას. მმართველი პარტიის განცხადებით, მათ ლიდერს არ უთქვამს, რომ „თუ საქართველო სტატუსს გაისად, ოდესღაც და იმის შემდეგ მიიღებს“, ბარიერს დაწევდნენ.

მას შემდეგ, რაც 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ახალი პირობები განსაზღვრა, რომელშიც მათ შორის ისიც თქვა, რომ ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, გაჩნდა კითხვა, ხომ არ შეიცვლებოდა ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ბოლო პოზიცია.

“ქართული ოცნებაში” განაცხადეს, რომ არ აპირებენ 5%-იანი ბარიერის დაბლა დაწევას. მეტიც, ოპოზიციის ნაწილის შესაბამის წინადადებას პარლამენტის თავმჯდომარემ მათხოვრობაც უწოდა.