საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული, აცხადებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

როგორც უწყებაში ამბობენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელიც აწარმოებს ლაბორატორიულ ზედამხედველობას ვირუსის ახალ ვარიანტებზე, თავად არ დაუფიქსირებია ახალი შტამი და არ მიუღია შესაბამისი ცნობები არც კერძო ლაბორატორიებიდან, რომლებიც ტესტირებით არიან დაკავებულნი.

ამასთან ერთად, სამინისტროს ცნობით, ახალი, EG.5 შტამი არ იწვევს ამჟამინდელი, „ომიკრონის“ შტამისგან განსხვავებულ სიმტპომებს ან/და მძიმე დაავადების განვითარებას – „ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით“.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.