ახალი ამბები

შოვში მომხდარ ტრაგედიაზე სხვადასხვა ქვეყანა სამძიმრის წერილებს ავრცელებს

4 აგვისტო, 2023 • 3536
შოვში მომხდარ ტრაგედიაზე სხვადასხვა ქვეყანა სამძიმრის წერილებს ავრცელებს

შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანა სამძიმრის წერილებს ავრცელებს და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის რაჭის რეგიონში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ევროკავშირის, აშშ-ის, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, წმინდა საყდრის და სამხრეთ კავკასიაში ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე, დანიის, ისრაელისა და გერმანიის ელჩები საქართველოში.

„ვგლოვობთ შოვის რეგიონში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს გულით საქართველოს ხალხთან ვართ“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ“, – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი.

„სამძიმარს ვუცხადებთ შოვში ტრაგიკული მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს.  ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედი გვაქვს“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

„ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სამძიმარს უცხადებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“, – ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი