IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო, რაც, სავარაუდოდ, სებ-ის კანონს უკავშირდება

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა — პოზიტიურ, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნა.

Fitch 2023 წელს საქართველოში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით (4.5%) გაზრდილია.

Fitch-ის თანახმად, პოზიტიური პერსპექტივა გამოწვეულია ძალიან ძლიერი ეკონომიკურ აღდგენით, ინფლაციის ვარდნასთან და საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასთან ერთად. მაკროპოლიტიკის პარამეტრები ჯანსაღად რჩება, Fitch-ს ასევე აქვს უფრო დიდი რწმენა, რომ რუსეთიდან მიგრანტებისა და კაპიტალის შემოდინება უახლოეს პერიოდში მკვეთრად არ შეიცვლება.

Fitch-ის პროგნოზით, მშპ-ის ზრდა 2023 წელს 6.9%-დან, 2024-2025 წლებში კი, საშუალოდ, 5%-მდე შემცირდება, რადგან მიგრაციული ნაკადებისა და საგარეო მოთხოვნის მხარდაჭერა სუსტდება.

ანგარიშის თანახმად, ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან შემოსავალი გაზრდილია მიგრანტების ხარჯებით, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 4%-მდე შემცირება გამოიწვია.

Fitch-ის ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო.

„სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება“, — ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

ის, რომ პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, BMG-ის დაუდასტურეს  საერთაშორისო სავალუტო ფონდშიც.

ეროვნული ბანკის (სებ) შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით ახალი აღმასრულებელი თანამდებობის — პირველი ვიცე-პრეზიდენტის — პოსტის შემოღება მოხდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. კანონის ამოქმედებიდან ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. ყველაზე ადრე (დეკემბერში) ვადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ მესტვირიშვილს ეწურება. საკანონმდებლო ცვლილებებით, დეკემბრამდე  ეროვნული ბანკის საბჭოს შეეძლება კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტის დამატება და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების მისთვის დაკისრება.აღიშნულ კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა, რომლის შეფასებითაც, ცვლილებები ხელისუფლების მიერ ეროვნულ ბანკზე კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. პარლამენტმა საკამათო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.