ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორია მშვიდობა გალში 

22 ივნისი, 2023 • 3747
როგორია მშვიდობა გალში 

გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველები სულ უფრო მეტად საუბრობენ აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. თუმცა, როგორია ამ მშვიდობიანი თანაცხოვრების ფასი? 

33 წლის ლიანა გალში შვილთან და პენსიონერ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ქალი ამბობს, რომ დღეს გალში “ცხოვრება ლაგდება” და არც დასაქმების პრობლემა აქვს – სამ სამსახურშია დასაქმებული. 

1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ლიანას ოჯახმა ზუგდიდს შეაფარა თავი.

“ზუგდიდში რამდენიმე ოჯახთან ერთად დიდ სახლში შეგვასახლეს. ის დრო მე არ მახსოვს, მაგრამ დედისგან მსმენია, რომ დევნილები ძალიან არ უყვარდათ. უმრავლესობა ბრაზდებოდა ჩვენზე. იმ წლებში ხალხს იქ თავად უჭირდა და ჩვენ დავემატეთ. ამიტომაც, დედამ, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ არძინბა გალის რაიონში დევნილების დაბრუნების უფლებას გასცემდა, გადაწყვიტა, შემოვლითი და სახიფათო გზებით სახლში დავბრუნებულიყავით. იმ პერიოდში გალში, სახლში რამდენჯერმე შემოგვივარდნენ. ჩემი გატაცებაც სცადეს. 2008 წლამდე საშინელი ცხოვრება მახსოვს. სულ არეულობა, შიში. სოხუმშიც ვერ მივდიოდით შიშით. ახლა კარგად ვართ. აფხაზების მხრიდან უკვე ნორმალური დამოკიდებულებაა ჩვენ მიმართ. მშვიდად შემიძლია წავიდე სოხუმშიც, გაგრაშიც და ბიჭვინთაშიც. მთელი ჩვენი ახალგაზრდობა იქ მიდის სამუშაოდ ოფიციანტად, მზარეულად თუ მძღოლად”. 

გალის კიდევ ერთი მკვიდრი ნათელა [ამ შემთხვევაშიც, გვარს რესპონდენტის ანონიმურად დარჩენის სურვილის გამო ვერ ვასახელებთ] ადგილობრივ საჯარო სექტორშია დასაქმებული.  მისი თქმითაც, დღეს გალში ცხოვრება უსაფრთხოა და აფხაზებსა, ქართველებს შორის ურთიერთობები  კი –  ნორმალური. 

“არავინ ცდილობს გაგვანაწყენოს. აფხაზიც და ქართველიც გვერდიგვერთ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ოჯახებით ვმეგრობრობთ. რუს სამხედროებს ქალაქში ვერ ვხედავთ, რადგან მათ ეკრძალებათ სამხედრო ქალაქების დატოვება. მხოლოდ ზოგჯერ მოჰყავთ შვილები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში”.  

აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საუბრობს კიდევ ერთი რესპონდენტი გალიდან, 67 წლის მარინა. 

“მე რუსი ვარ, მაგრამ დაბადებიდნ აქ ვცხოვრობ, გალში. ჩემი ქმარი მეგრელია და, შესაბამისად, ჩვენი შვილებიც მეგრელები არიან. ჩემი ქალიშვილი 10 წლის წინ დაქორწინდა გალში აფხაზზე. გამოდის, ჩემი შვილიშვილები აფხაზები არიან. 

ის, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცას, ამას არ ვაქცევთ ყურადღებას. ვცხოვრობთ ჩვენი პატარა ცხოვრებით, ყოველდღიურობით. ერთად ვტირით დაკრძალვებზე და ქორწილებშიც ერთად ვატარებთ დროს ქართველები და აფხაზებიც. არ ვეკითხებით ერთმანეთს, ვინ ვინაა. მე რუსულად და მეგრულად ვლაპარაკობ. ახლა შვილიშვილებთან აფხაზურსაც ვსწვლობ. თუმცა ახალი ენის სწავლა ჩემს ასაკში უკვე რთულია. სოხუმში თითქმის არ ჩავდივარ. აი, ზუგდიდში კი, ხშირად. ჩემი დოკუმენტებით შეიძლება საზღვრის ხშირად კვეთა”.

უკანსკნელ წლებში გალში აფხაზებისა და ეთნიკური ქართველების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2022 წლის კვლევაშიც, სახელწოდებით “ორმხრივი გამოტოვების ადგილები – უფლებრივი და სოციალური გამოწვევები გალსა და ახალგორში”, სადაც რესპონდენტების თქმით, წლების განმავლობაში გალში მომუშავე სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული აფხაზები ადგილობრივ მცხოვრებლებთან კარგ ურთიერთობაში არიან და სწორედ ამ ნაცნობობით და პირადი კავშირებით აგვარებენ არაერთ ბიუროკრატიულ საქმეს გალელები. 

“ხანგრძლივი დროის განმავლობაში გალი და გალის რაიონი იზოლირებული იყო დანარჩენი აფხაზეთისგან. გაწყდა ურთიერთობები აფხაზებსა და ქართველებს შორის და გალელების და სოფლის მცხოვრებლების სავაჭრო და ნათესაური კავშირები ქართულ მხარეს უფრო შენარჩუნდა. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობები და კავშირები აღდგა, ხალხმა დაიწყო მიმოსვლა, განახლდა ვაჭრობა აფხაზეთის დასავლეთით და გალელებიც ისევ შეუდგნენ სამსახურის ძიებას დანარჩენ აფხაზეთში. თავის მხრივ, გალის მოსახლეობა აფხაზებს ხშირად ეხმარება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სავაჭროდ, ან სამკურნალოდ გადმოსვლაში და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში”, – ნათქვამია კვლევაში.

პრობლემები, რის შესახებაც რესპონდენტები საუბრობენ და არ საუბრობენ 

“მშვიდობიან” ცხოვრებაზე საუბრის პარალელურად, ნეტგაზეთის რესპონდენტები გალში დღეს ყველზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ გალელებისთვის ე.წ. პასპორტების თემას. 

აფხაზური კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას უშვებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან. იმის გამო, რომ გალელებს საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, მათ ეზღუდებათ, მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა. აფხაზეთის პასპორტები ეთნიკურ ქართველებს, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობისთვის, არჩევნებში კანდიდატურის წარსადგენად და ხმის მისაცემად სჭირდებათ. ასევე, უნივერსიტეტის დიპლომის ან სკოლის ატესტატის ასაღებად, საკუთრების უფლების რეალიზებისთვის, საზღვრის კვეთისთვის და სხვადასხვა „სახელმწიფო სერვისზე“ ხელმისაწვდომობისთვის”. სხვადასხვა ცნობით, დღეს აფხაზურ პასპორტს 1000-მდე ქართველი მაინც ფლობს. 

“აი, აქაურ პასპორტებსაც თუ მოგვცემენ, 100%-ით კარგად ვიქნებით. მე პასპორტი არ მაქვს, მხოლოდ – ბინადრობის მოწმობა. ამ მოწმობით ჩვენ მიერ აშენებული სახლის ფლობის უფლებაც კი არ გვაქვს. ბინადრობით მუშაობა და სწავლა არც რუსეთში შეგვიძლია. მოკლედ, არავის ვჭირდებით, არც რუსეთს, არც აფხაზეთს და არც საქართველოს”, – ამბობს 33 წლის ლიანა.

“ერთადერთი ჩვენი პრობლემა ისაა, რომ პასპორტები არ გვაქვს. თუმცა მესმის, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციის საკითხია. 2014 წელს ამ თემის გამო პრეზიდენტიც გაუშვეს. დღესაც შიშობენ, რომ თუ პასპორტებს მოგვცემენ, ამის გამო მიტინგები და გადატრიალებები იქნება. მაგრამ დღეს თუ არა ხვალ, ეს პრობლემა გადასაჭრელია, ამასობაში ხალხი მიდის აქედან. ისინი ხედავენ, რომ აფხაზეთს ისინი არ სჭირდება და საქართველოში მიდიან. იქ კი ჩუმად ცხოვრობენ, არ ამბობენ, საიდან არიან და კარიერას იწყობენ”, – ამბობს 51 წლის ნათელა გალიდან.

იმის მიუხედავად, რომ პასპორტიზაციისა და მისი თანმდევი უფლებების გარდა, გალში ეთნიკურ ქართველებს გამოხატვის უფლებაც წართმეული აქვთ, ამაზე ხშირად ანონიმურადაც გაურბიან საუბარს. 

რას ამბობენ ექსპერტები და კვლევა გალში ინტეგრიაცისა და  “მშვიდობაზე”

სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის მიხედვითაც, რომელიც გალელებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს ეფუძნება, გალის და გალის რაიონის მცხოვრებლების ინტეგრაციის საკითხი აფხაზურ საზოგადოებაში კვლავ მწვავედ დგას – აფხაზების უმეტესობა მაინც არ ენდობა ამ რაიონში მოსახლე ქართველებს და ნდობა ნაკლებია პირიქითაც, რადგან გალელები ვერ გრძნობენ თავს აფხაზური საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. 

“გალელების თქმით, დანარჩენ საქართველოში არსებობს ასეთი აზრი, რომ ისინი, ვინც დაბრუნდნენ აფხაზეთში, ბედნიერები არიან, რადგან თავიანთ სახლებში მოახერხეს დაბრუნება. სიმართლე კი ის არის, რომ გალში დაბრუნებული ხალხი მუდმივი შიშისა და ტერორის ქვეშ ცხოვრობს. პოლიტიკური ამინდი მუდმივად იცვლება, როგორც საქართველოს კონტროლირებად, ისე არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, რაც უშუალოდ აისახება იმაზე, თუ რა ბედი ეწევა იქ მცხოვრებ ხალხს”. 

ადგილობრივებთან ინტერვიუებმა გამოავლინა ისიც, რომ ​​უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ, გალშიც გამწვავდა სიტუაცია. 

“გაიზარდა კონტროლი ქართველებზე, რათა უკრაინას არ დაუჭირონ მხარი და რაიმე პრეტენზიები არ გამოთქვან ოკუპაციასა და ეთნიკურ შევიწროებასთან დაკავშირებით. გახშირებულია აგენტურისა და დასმენის ფაქტებიც, სულ უფრო ღრმავდება უნდობლობა ქართული მხარის მიმართ”.

გალი, 2023 წლის ივნისი; ფოტო: ნეტგაზეთი

გალი, 2023 წლის ივნისი; ფოტო: ნეტგაზეთი

მკვლევარი ანა წურწუმია ნეტგაზეთთან იმ მოჩვენებით მშვიდობაზე და ჩაგვრაზე საუბრობს, რომელიც გალელებისთვიის დღეს არ დაწყებულა.  

“ბოლო 30 წლის მანძილზე ტერმინი „აფხაზი“ გალელებისთვის მხოლოდ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს არ ნიშნავდა, აფხაზი ნიშნავს აბსოლუტური ძალაუფლების მქონეს, უფროსს, გადაწყვეტილების მიმღებს, ქართველზე მაღლა მდგომს. ამიტომ ის, რაც გვეჩვენება, რომ თითქოს მშვიდობიანი თანაცხოვრებაა, ფუნდამენტშივე განწირულია, რადგან არ ემყარება თანასწორობას და ემყარება ჩაგვრას. გიგა ოთხოზორიას მკვლელობაც იმის ილუსტრაციაა, როგორ ფორმირდება „მშვიდობა“ ქართველებისთვის აფხაზეთში. გიგა ენგურს გამოღმა ცხოვრობდა და შეეწინაღმდეგა მისთვის უსამართლო ფაქტს, რის შედეგადაც ის მოკლეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ დანაშაულისთვის არავის უგია პასუხი”, – ამბობს ის.

მკვლევარი მიიჩნევს, რომ გალის მოსახლეობა აფხაზური ადმინისტრაციისთვის აღმოჩნდა ერთგვარი ხატი იმ საქართველოსი, რომელმაც მათ წინააღმდეგ იომა და ახლა შესაძლებელი გახდა ქართველების ამ ჯგუფის ჩაგვრა ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. 

“ჩაგვრას აქვს განსხვავებული ფორმები, რომელსაც შესაძლოა ჩაგრული ვერც აცნობიერებდეს, რადგან გალში ცხოვრობს ქართველების თაობა, რომელსაც მშვიდობაში ცხოვრების გამოცდილება არ აქვს. 1998 წლის მაისში მომხდარმა მოვლენებმა, რომელსაც დღემდე არ აქვს სახელი, ქართველების მხარეს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ადამიანების დევნის ერთადერთი მიზეზი მათი ქართველობა იყო. მსგავსი მოვლენები უკვალოდ არ რჩება ჯგუფურ ცნობიერებაში და ქცევაში. გალელებისთვის ნათელი იყო, რომ მათ მონობის ფასად უნდა ეცხოვრათ საკუთარ სახლებში. გალელი ქართველებისთვის არც ეკონომიკური ჩაგვრაა უცხო, რაც ასევე ნორმალიზებულია. მოსახლეობას მუდმივად ეშინოდა და ეშინია თხილის და ციტრუსის მოსავლის აღება, მიღებული ანაზღაურება თუ მოსავალი სრულიად უკითხავად შეიძლება ჩამოართვან. 

ინტეგრაციის ფასი დიდია: შენ უარს ამბობ შენს იდენტობაზე და თავს არა ქართველად, არამედ მეგრელად აფიქსირებ. გალელებს უნდათ მშვიდობაში ცხოვრება, მაგრამ მათ უფრო მეტად სურთ საკუთარ სახლში ცხოვრება. საკუთარ სახლში ცხოვრების გადაწყვეტილება და უალტერნატივობა ბევრისთვის იქცა გამოუსწორებელ გადაწყვეტილებადაც”, – ამბობს მკვლევარი.

იმაზე, თუ როგორია გალის მოსახლეობის აფხაზებთან ინტეგრაციისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ტენდენციები, ნეტგაზეთთან, ასევე, საუბრობს ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები პერიოდულად ვხვდებით გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს და ვისმენთ მათ წუხილს და მოსაზრებებს აფხაზეთში, კონკრეტულად კი – გალში არსებულ პრობლემებზე. ეს ადამიანები არიან, ერთი მხრივ, დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ სამეგრელოში თუ სხვა რეგიონებში, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, მაგრამ ახერხებენ, პერიოდულად ჩავიდნენ და დროებით იცხოვრონ ნათესავებთან გალში. მეორე მხრივ, ასევე ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც პირიქით, ძირითადად გალში ცხოვრობენ და სხვადასხვა მიზნით გადმოსული არიან დროებით საქართველოს სხვა რეგიონებში. მათგან მიღებული ინფორმაციით, ვიგებთ, რომ ბოლო პერიოდში მართლაც იცვლება დამოკიდებულება გალში ქართველების მიმართ, პირველ რიგში, აფხაზი ხალხის მხრიდან, შემდეგ კი- აფაზური დე ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან. იცვლება შედარებით უკეთესობისკენ, ურთიერთობების დათბობისკენ.

თუმცა ძირითადი სისტემური პრობლემები კვლავ მოუგვარებელია, რაც ეხება გალში მცხოვრები ქართველების ჩაგვრას და ეთნიკურ ნიადაგზე უფლებების დარღვევას (როგორიცაა, მაგალითად, მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვა, ასევე –  ე. წ. მოქალაქეობის შეწყვეტა, რაც იწვევს სხვადასხვა იქაური სოციალური პროგრამებიდან ამოვარდნას და სხვა პრობლემებს). ვფიქრობ, ამ პრობლემების ერთბაშად თუ არა ნაწილ-ნაწილ მოგვარება შესაძლებელი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლება მიზნობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ რომ ცდილობდეს მათ იდენტიფიცირებას და ასევე, ეძებდეს სხვადასხვა გზებს და საშუალებებს მათ მოსაგვარებლად. ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც. პირველ რიგში, ვფიქრობთ, აუცილებელია, არსებობდეს მოლაპარაკებების ცალკე ფორმატი, სადაც საქართველოს ხელისუფლება ერთი-ერთზე შეხვდება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, კონფლიქტის და შუღლის გამღვივებლის – რუსეთის შუამავლობის და თვალთმაქცური ვითომ კეთილმოსურნეობის გარეშე. ერთი-ერთზე მოლაპარაკებები ბევრ პრობლემას გადაჭრიდა, თუნდაც ყოფით დონეზე და არა მარტო გალის რაიონში, არამედ ზოგადად.

მოლაპარაკებების და შეთანხმებების გამოცდილების დაგროვების შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა უფრო ფართო თემებზე დიალოგიც, მათ შორის – შერიგებაზე და დეოკუპაციაზე (რატომაც არა?!). მესმის, რომ ეს უკვე შორეული პერსპექტივაა, მაგრამ დიალოგის გარეშე ეს პროცესი ადგილიდან არასოდეს დაიძვრება. ხოლო მოლაპარაკებების ის ფორმატები, სადაც მხარე არის რუსეთი და თანაც მომრიგებელი მოსამართლის მანტიით, განწირულია წარუმატებლობისთვის”. 

გალი, 2023 წლის ივნისი; ფოტო: ნეტგაზეთი

გალი, 2023 წლის ივნისი; ფოტო: ნეტგაზეთი

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრი ცდილობს, ხელი შეუწყოს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და შერიგების პროცესს. ქართული საზოგადოების მზაობა კი დიდწილად დამოკიდებულია წარსულის გააზრებაზე, სადაც იყო შეცდომებიც, რამაც გააღრმავა რუსეთის მიერ ინსპირირებული კონფლიქტი. 

“წარსულის გადააზრება/წარსულთან გამკლავება და მომავალი ურთიერთობების შესაძლებლობების ფორმირება საფუძვლად დაედო შერიგებისა და სამოქალაქო თანხმობის პროცესებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში, რაც, თავის მხრივ, თანამედროვე ევროპის ერთიანობის საფუძველი გახდა. შესაბამისად, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე მდგომი საქართველოსთვის მსგავსი მიდგომების გააქტიურება მისი კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციის საფუძველი უნდა გახდეს”, – ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტში “სამოქალაქო საზოგადოების ხედვა და რეკომენდაციები წარსულის გააზრებისა და ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შესახებ”, რომელიც ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მომზადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი