დაურეგისტრირებელი გიდები ყველგან ვერ იმუშავებენ — კანონპროექტი

ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული ტურიზმის შესახებ კანონპროექტი.

სხვა ცვილელებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს  სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის შემოღებასაც. კერძოდ,  მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც გიდის საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა საჭიროა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ მოქმედი კანონი მოძველებულია.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ტურიზმის კანონმდებლობის ხარვეზები სახელმწიფოს აყენებს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, ადეკვატურად უზრუნველყოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება, ტურისტთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და უნიკალური სერვისების შეთავაზება.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, პრობლემას წარმოადგენს პროფესიული საკვალიფიკაციო ჩარჩოს არარსებობა, რომელიც განაპირობებს არაჯანსაღ კონკურენციას.

„ტურიზმის სფეროს შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელია განახლებული საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის სფეროს მართვის ძირითადი კომპონენტების მოწესრიგებას, რაც დარგს მისცემს ხარისხის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის გარანტიებს, კონკურენციის განვითარებას. დღეს მოქმედი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 1997 წელს და ვერანაირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ტურიზმის სექტორის წინაშე დგას დღეისათვის. გარდა ამისა, ტურისტული მომსახურების არსებული რეგულაციების შეცვლა და ვროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უნიფიცირებულ სტანდარტებს ტურისტულ პაკეტთან და დაკავშირებული მოგზაურობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება ტურისტული პაკეტის ცნება.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით, მოვაჭრემ უნდა მიაწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია მოგზაურობის ძირითადი მახასიათებლების შესახებ.

ამასთან, ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მისი ღირებულების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში მკაფიოდაა მითითებული აღნიშნულის შესახებ, ასევე, მითითებულია ტურისტის უფლება ფასის
შემცირების მოთხოვნის შესახებ. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში უნდა იყოს მითითებული ფასის შეცვლის და გამოთვლის წესი.

ტურ-ოპერატორებისათვის სიახლეს წარმოადგენს ფინანსსური გარანტიის(უზრუნველყოფის) ქონა, ტურისტის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით. რაც ტურისტს უფლებას აძლევს მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია. კანონპროექტით, ასევე განისაზღვრა ვალდებულების უზრუნველყოფის ფარგლები, რაც ტურ-ოპაეტორის მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი.

კანონპროექტი ასევ ითვალისიწნებს ჯარიმებს ტურიზმის შესახებ კანონმდებლობის
დარღვევისთვის. კერძოდ: