ღარიბაშვილი მოლდოვაში დიდ ევროპულ სამიტს დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას და გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი კიშინიოვში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

ევროპის პოლიტიკური საზოგადოება (EPC) არის სამთავრობათაშორისო ფორუმი პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიებისთვის ევროპის მომავლის შესახებ, რომელიც შეიქმნა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით.

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 47 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, ასევე, ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.