ახალი ამბები

“პატრიარქის კურთხევით ვარ მოსკოვში” — მიტროპოლიტი ნიკოლოზი

26 მაისი, 2023 • 2490
“პატრიარქის კურთხევით ვარ მოსკოვში” — მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, ის მოსკოვში პატრიარქის კურთხევით იმყოფება. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პატრიარქთან მოსკოვში ვიზიტი დაახლოებით ორი თვის წინ შეათანხმა:

“პატრიარქის კურთხევით ვარ მოსკოვში, ორი თვის წინ ავიღე კურთხევა, მაგრამ ეს წირვა ვერ მოვასწარი და ვერ შევათანხმე მასთან. თუმცა მაქვს უფლება, რომ მივიღო ეს შემოთავაზება [წირვის ჩატარებაზე]”, — განაცხადა ფაჩუაშვილმა.

მისი თქმით, მოსკოვში ყოფნის მთავარი მიზანი რამდენიმე ადამიანის წმინდანად შერაცხვის საკითხის განხილვა და ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით რუსეთში მდებარე ქართულ ეკლესიაში წირვის ჩატარება იყო.

ამასთან, “ფორმულას” ეთერში მიტროპოლიტმა ისაუბრა რუსეთთან ევქარისტიული კავშირის თაობაზე და თქვა, რომ საქართველოს ოკუპაცია არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს ეკლესიამ გაწყვიტოს კავშირი:

“მე ვთვლი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას არ ვაპირებთ. არასაკმარისი მიზეზია ქვეყანასთან ევქარისტიული კავშირის გასაწყვეტად. არასაკმარისი მიზეზია ომი ამ სახელმწიფოსთან. ეს ისტორიული რეალობაა. ბევრ სახელმწიფოს ჰქონია სხვა სახელმწიფოსთან ომი მაგრამ არ გაუწყვეტიათ ევქარისტიული კავშირი”, — აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ამასთან, შეკითხვაზე გაამახვილა თუ არა მიტროპოლიტმა რუსეთის პატრიარქთან ყურადღება იმ საკითხზე, რომ ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს არ იხსენიებს სრული ტიტულით და გამორიცხავს აფხაზეთის ნაწილს, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქი კირილე არათუ არ, არამედ ვერ იხსენიებს ილია მეორეს სრული ტიტულით:

„ეს არ არის სწორი რომ არ იხსენიებს, უბრალოდ ვერ მოიხსენიებს, იმიტომ რომ ეს არის სრული ტიტული პატრიარქის, რომელიც წირვა-ლოცვის დროს მოიხსენიება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ნებისმიერ სხვა ეკლესიაში მხოლოდ „სრულიად საქართველოს“ ახსენებენ, მცხეთა თბილისის ეპისკოპოსსაც არ ახსენებენ“, – განმარტა მან.


ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში, პატრიარქი კირილეს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით მოსკოვში იმყოფება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო დღეს ფაჩუაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არ არის მიტროპოლიტის ოფიციალური ვიზიტი და ბოლო პერიოდში ის არაერთხელ ეწვია მოსკოვს “კერძო და პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე”.

გარეკანის ფოტო: კადრი “საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების” ეთერიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი