ღარიბაშვილი დასავლეთს აკრიტიკებს ომზე “სამშვიდობო საუბრის დასაწყებად არასაკმარისი ზომების” გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებად ორივე მხარემ — რუსეთმა და უკრაინამაც უნდა გადადგას ნაბიჯები. ამასთან, მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა საკმარის ძალისხმევას არ სწევს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო საუბრების გასამართად. ამის შესახებ მან დღეს, 24 მაისს კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ინტერვიუერის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ფორუმზე ღარიბაშვილთან ინტერვიუ დაიწყო შეკითხვით, ეთანხმება თუ არა ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამარჯვებული არავინ გამოვა. ღარიბაშვილმა აღნიშნულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის 20% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს სტატუს კვოა, ხოლო “რა მოხდება ხვალ, ამას ვერ იტყვის”.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ომის დასრულების ნიშნებს და ვერც საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმისთვის, რომ სამშვიდობო საუბრის წარსამართად სწორი ზომები გაატარონ:

“სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ ეს ომი დასრულდება. ეს არის პრობლემა მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ასევე ვერ ვხედავთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საკმარის ძალისხმევას, რომ განახორციელონ სწორი ზომები, რომ წარიმართოს სამშვიდობო საუბარი”, — განაცხადა პრემიერმა. [“იმედის” თარგმანი].

მისი თქმით, ამ მხრივ ჭკვიანური მიდგომა აქვს ჩინეთს და ის უკრაინასა და რუსეთს შორის მედიაციას ცდილობს.

ინტერვიუერის შეკითხვაზე, ვინ უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ მშვიდობისკენ წავიდეს პროცესები, ღარიბაშვილმა უპასუხა: “ორივე მხარემ, ყველამ”.

უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში ღარიბაშვილს ასევე საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების თაობაზე ჰკითხეს. კერძოდ, რამდენად აზიანებს საქართველოს რუსეთისთვის სანქციების არდაწესება იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ამბიცია ევროკავშირში გაწევრებაა.

სანქციების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს, რუსეთის თავდასხმის შემდეგ საქართველოს მხარდასაჭერად ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია მოსკოვისთვის და არც სავაჭრო ურთიერთობები შეუწყვეტიათ.

“2008 წელს გვქონდა ომი და გახსოვთ ვინმე, ვინც სანქციები დააწესა ჩვენი ომის დროს? არავინ. ჩვენი ომი ომი არ რის და უკრაინაში ომი, ომია? ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ 20% ისევ ოკუპირებული აქვს რუსეთს. ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე. რუსეთმა აღიარა ისტორიული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება”, — განაცხადა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინტერვიუერმა სთხოვა შეეფასებინა, ზიანდებოდა თუ არა საქართველო იმის ფონზე, რომ სანქციების არდაწესების შემდეგ ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივის სტატუსი, უკრაინამ და მოლდოვამ კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ შეკითხვაზე ღარიბაშვილმა თქვა, საქართველო უკრაინას და მოლდოვას “უსწრებს, თუ განვსჯით ქვეყნების მუშაობას”, ამასთან, აღნიშნა, რომ ოკუპაციისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მეტის გაკეთება არ შეეძლო, როცა შეუერთდა 500-ზე მეტ რეზოლუციას და განაცხადს ყველგან, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.