პარლამენტის ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ძალიან აქტიური და ფარული კომუნიკაცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ დღეს, 23 მაისს, ერთობლივ ბრიფინგი გამართეს ხატია დეკანოიძემ, ანა ნაცვლიშვილმა და თეონა აქუბარდიამ.
დეპუტატების თქმით, ისინი პრემიერ-მინისტრსა და შესაბამის სამთავრობო უწყებებს სადეპუტატო კითხვებით მიმართავენ იმის გასარკვევად, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან.
სადეპუტატო კითხვების ავტორები არიან: ხატია დეკანოიძე, ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, ანა ბუჩუკური და თინა ბოკუჩავა.
ქალმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მთავრობას შემდეგი 9 შეკითხვით მიმართეს:
„ჩვენ, 7 დეპუტატი, კითხვებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე და ღიად მოვითხოვთ პასუხებს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, როდის დაიწყო ფარული მოლაპარაკებები და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ძალიან მნიშვნელოვანია ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები, რადგან არცერთ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონიათ წინასწარ ინფორმაცია ფრენების აღდგენაზე, საზღვაო ტვირთების მიმოცვლის აღდგენასა და სანქცირებული პირების შემოსვლაზე. იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა მოლაპარაკებების შესახებ და ხორციელდება თუ არა დღემდე ფარული ვიზიტები მოსკოვში, რაც ასევე საგანგაშოა ჩვენს პარტნიორებეთან ურთიერთობის გაუარესების მიმართულებით, რაც ასევე რუსეთთან ეკონომიკურ-პოლიტიკურ ექსპანსიას ააქტიურებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
როგორც დეპუტატები ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ მათ კითხვებზე შესაბამისი პასუხები არ იქნება, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებასაც განიხილავენ.