ფონ კრამონი ხუმრობს, რომ საქართველოში არჩევნებში იყრის კენჭს „მწვანეებიდან“

ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი პასუხობს კახა კალაძის განცხადებას და ხუმრობს, რომ თბილისის მერის იდეამ იგი შთააგონა.

„კარგი იდეაა, ბატონო კალაძე. თქვენ შთამაგონეთ, საქართველოს შემდეგ არჩევნებში მწვანეთა კანდიდატად ვიყარო კენჭი. მოდით, ვიმუშაოთ ამაზე.

ყველასთვის, ვისაც ჩემი არასწორად გაგება უყვარს – ეს ხუმრობა იყო!“, – წერს ფონ კრამონი.

გუშინ კახა კალაძემ თქვა, რომ ვიოლა ფონ კრამონი ან რომელიმე ევროპარლამენტარი „არ არის ევროპა“.

თბილისის მერმა აგრეთვე არ გამორიცხა, რომ ფონ კრამონი ოპოზიციამ არჩევნებზე კანდიდატად წარადგინოს:

„მე გულწრფელად ვამბობ, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება, მოლოტოვის კოქტეილით ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს. არც ეს ქალბატონი — გვარი არ მახსოვს — ვიოლა არ არის ევროპა და არც რომელიმე ევროპარლამენტარი“, — დასძინა კალაძემ.