ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა მისი გაუქმებული FB ანგარიშებით ყალბია — ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება ბუდაპეშტში, CPAC-ის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას და აცხადებს, რომ მისი “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ყალბია. ამის შესახებ მან დღეს, 4 მაისს, ფეისბუკ პოსტში დაწერა.

“ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც გაუუქმეს:

სინამდვილეში, ღარიბაშვილი კონსერვატორი კი არა, კორუმპირებული კაცია. სამწუხაროდ, მისი ქცევა და რიტორიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართული დაბრკოლებაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე”, — წერს ლომჯარია.


დღეს, 4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება“ და „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობის დაუშვებლობა” იყო მისი გამოსვლის მთავარი აქცენტები.

პრემიერის მტკიცებით, მაშინ, როცა საქართველოს უმრავლესობა იზიარებს ტრადიციულ ღირებულებებს, ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, აკეთებენ ამას „ლგბტ პროპაგანდით“, რაც მისი აზრით, საბოლოო ჯამში, „ფესვებს მოწყვეტილი“ ხალხის უფრო მარტივად მართვას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, საფრთხეს წარმოადგენენ „ისინი, ვინც რწმენისა და ღირებულებების არმქონენი და აგრესიული ცინიზმით, ხშირად დემოკრატიის, რელიგიისა და თავისუფლების სახელით, ეწინააღმდეგებიან თავისუფლებას და სიმართლეს“.

ნეტგაზეთი ასევე გირჩევთ:

Facebook-ის გამოძიება: მთავრობა დუმს, NGO-ები კი საპარლამენტო მექანიზმების ამოქმედებას ითხოვენ