ახალი ამბები

მნიშვნელოვან ახალ იმპულსს მოიტანს – დარჩიაშვილი ფრანგი კოლეგის ვიზიტზე

28 აპრილი, 2023 • 806
მნიშვნელოვან ახალ იმპულსს მოიტანს – დარჩიაშვილი ფრანგი კოლეგის ვიზიტზე

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თბილისში შეხვდა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონას.

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა მედიასთან ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განცხადებები გააკეთეს.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და მას მრავალი განზომილება აქვს.

„ევროპის კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში ვიზიტი, ვფიქრობ, რომ თავის ძალიან მნიშვნელოვან ახალ იმპულსს მოიტანს. ვფიქრობ, ეს ჩვენი მეგობრებისგან, საფრანგეთისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მანიფესტაციაც არის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ფრანგ კოლეგასთან უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზეც ისაუბრა.

„რუსეთის სამხედრო აგრესიამ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ იცით, რომ მთლიანად შეცვალა არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურა. ვფიქრობ, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა ახალი უსაფრთხოების არქიტექტურამ მაქსიმალურად შეძლოს და განატმკიცოს ყველა რეგიონში უსაფრთხოება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსაც. მისი თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია.

„მე ვუთხარი მას, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რომ ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რათა საქართველომ დროულად და პირნათლად შეასრულოს ეს დავალება. ქალბატონ მინისტრს ასევე გავუზიარე, ამ ძალისხმევის მიღმა რა კონკრეტული აქტივობები განახორციელა ჩვენმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი