კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის: „ოცნება“ აგრძელებს კლანის ინტერესების დაცვას

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს სასამართლო კლანის ინტერესების დაცვას.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ შეგნებულად უკვე ორჯერ შეუშალა ხელი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევები უნდა შეესწავლა.

კერძოდ, განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ 18 აპრილის სესიისთვის 50-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია. ხმათა ეს რაოდენობა საკმარისი იყო კომისიის შექმნისთვის. თუმცა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დეპუტატებმა კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს და, შესაბამისად, ქვორუმი (76 დეპუტატი) არ შედგა. იგივე მოხდა 19 აპრილის სხდომაზეც. უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ეს შეაფასა მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად”.

კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის აცხადებს, რომ ე.წ. „სოლიდარობის აქტი” სინამდვილეში სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის – კლანის მხარდაჭერის გამოხატვაა. ამასთან, განცხადების ხელმომწერების თქმით, ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების მიერ ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს:

„სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე წლებია საუბრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. 5 აპრილს მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები – მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია, ვალერიან ცერცვაძე და მათი ოჯახის წევრები დაასანქცირა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს საპარლამენტო პროცედურებს და რეგისტრაციის გავლაზე უარით ხელს უშლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

განცხადების ავტორების თქმით, ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება”, სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს, უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

კოალიციის წევრი ორგანიზაციებია: