ჯარში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება – ცვლილება თავდაცვის კოდექსში

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ და მისი თანმდევი 45 კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა.

პროექტში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება. თავდაცვის კოდექსის პროექტის თავდაპირველი ვერსიით, გადავადების მოსაკრებელი  ერთჯერადად 10 000 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა აღნიშნული პუნქტი საერთოდ გაუქმდა.

თუმცა სამხედრო სამსახური გადავადების საფუძველი შეიძლება იყოს პირის სამსახური. კერძოდ, თუ იგი მუშაობს სამინისტროში ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სახელმწიფო უსაფრთხოების, საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურებში.