საქართველოში არ შემოუშვეს ამერიკელი კრიზის-მენეჯერი, სტრატეგიული კონსულტანტი, ექსპერტი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, მარშალ ქომინსი. ქომინსი რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა თბილისში და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა.
ინფორმაცია, რომ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს, მედიას დაუდასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. მისი თქმით, ქომინსის საქმიანობა საქართველოში „დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასთან“.
„ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე, გვარად ქომინსი, არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე“, — განაცხადა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილს ჰკითხეს, ქომინსი ეწეოდა თუ არა „აკერმანის მსგავს საქმიანობას“.
„აკერმანი აღარ არის ცოცხალი. დააყენეთ ის კაცი საფლავში. შეიძლება უარესსაც ეწეოდა. მე ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. ამერიკის საელჩო არ დაგვკავშირებია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. ალბათ, თვითონაც კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით. აკერმანი ახსენეთ და აკერმანიც რომ შემოსულიყო, ცოცხალი რომ ყოფილიყო, მასაც არ შემოვუშვებდით მას შემდეგ, რაც ის მხილებულ იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც იყო წარმოდგენილი“, — განაცხადა ლილუაშვილმა.
2022 წლის აპრილის დასაწყისში „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელმა პიტერ აკერმანმა ბაკურიანში შეხვედრა გამართა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო მოძრაობებთან და ოპოზიციურ პარტიებთან. როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აკერმანთან შეხვედრა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ავტორიტარიზმის დამარცხება დემოკრატიული პროცესით და არაძალადობრივი წინააღმდეგობით.
„ქართული ოცნება“ მის მერე აპელირებს ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე და საუბრობს ხელისუფლების შეცვლის „ბაკურიანის გეგმაზე“. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აკერმანს უწოდა „ცნობილი რევოლუციონერი“, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანეს, „რათა მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში“.
პიტერ აკერმანი 2022 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი საკრებულოში და პროსახელისუფლებო „ექსპერტები“ ავითარებენ მოსაზრებას, რომ მარშალ ქომინსი არის ოპოზიციის „ახალი აკერმანი“. პროსახელისუფლებო მედია კი ერთი და იმავე ტექსტით ცდილობს, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვებას დაუკავშიროს.
„ბაკურიანის შეკრებას“ უკვალოდ არ ჩაუვლია, სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის ტრენინგები გაიარეს პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, ახალგაზრდებმა. შედეგად, სულ უფრო აგრესიული და რადიკალური გახდა ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციები, პიკეტები, ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, სოციალურ ქსელებში და მედიაში იმატა სიძულვილის ენამ, სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებამ, გაიზარდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ბულინგი და შეურაცხყოფა, გაღრმავდა პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ამ პროცესის ორგანიზებას ახდენდნენ და აფინანსებდნენ ამერიკული ორგანიზაციები“, — წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ვლადიმერ ბოჟაძე.
მისი თქმით, აკერმანის გარდაცვალების მერე „მოიძებნა ახალი ტრენერი — უფრო აგრესიული და რადიკალური მოქმედების სპეციალისტი ჯეიმსონ მარშალ ქომინსი, ევრაზიის საკითხებში ამერიკელი სპეციალისტი, რომელიც მარტის აქციებამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა თბილისში“.
„ქომინსი უშუალოდ მონაწილეობდა გასული თვის აქციების ორგანიზატორების, მათ შორის „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენლების დატრენინგებაში, მას არაერთი შეხვედრა ჰქონდა „ილიაუნის“ პროფესორ გიორგი მელაძესთან, რომელიც გახლავთ სტუდენტური მოძრაობა „ჯიუტების“ დამფუძნებელი. საქართველოს სასამართლო სისტემაზე ჯერ არნახული შეტევის და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის კლასიკური მაგალითის, მოსამართლეებზე სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, აშშ-ის მოქალაქის, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის არშემოშვებაც იყოს“, — აცხადებს ბოჟაძე.
სუს-ის უფროს გიორგი ლილუაშვილის თქმით, მან არ იცის, ქომინსის არშემოშვების ფაქტს უკავშირდება თუ არა შემდგომში შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება.
მარშალ ქომინსი სპეციალიზირებულია სტრატეგიული კონსულტაციის, საერთაშორისო ადვოკატირების, კრიზისების მართვისა და კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში. ქომინსის ოფისის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთისა და ევრაზიის სპეციალისტი კლიენტებთან მუშაობს ყველაზე რთული საკითხების გადასაჭრელად. აქვს ურთიერთობა კლიენტებთან აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში. ბოლო წლებში ის სულ უფრო მეტ დროს ატარებს სუბსაჰარულ აფრიკაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების თანახმად, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტისას მარშალ ქომინსი ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსაც შეხვდა.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა. „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული შეაფასა სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად.
