ახალი ამბები

„ეს ყველაფერი შემაშფოთებელია“ — კობახიძის შეფასება პრეზიდენტის გამოსვლაზე

31 მარტი, 2023 • 1226
„ეს ყველაფერი შემაშფოთებელია“ — კობახიძის შეფასება პრეზიდენტის გამოსვლაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დღეს, 31 მარტს, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისას, ბევრი გაუგებარი განცხადება მოისმინეს.

კობახიძის თქმით, ეს მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი ვერ ექნებოდათ.

“როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე.

ერთი მხრივ, ჯერ საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და, მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის შემაშფოთებელი”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე უპასუხა პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თბილისი და მოსკოვი „მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ.“  ამასთან დაკავშირებით ოცნების ლიდერმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით მისი განცხადებების გახსენება.

“რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა შევახსენო პრეზიდენტს მისი განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი, ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო. იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე. ასეთი თხოვნა მაქვს პრეზიდენტის მიმართ“, — განაცხადა ირაკლო კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი