აფთიაქების ქსელი PSP ჯანდაცვის სამინისტროსა და მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ბრალდებებს პასუხობს. უწყება და მისი ხელმძღვანელი ბოლო დროს ფარმაცევტულ კომპანიებს ბრალს სდებს კარტელურ გარიგებაში და პრეპარატებზე ფასების ხელოვნურად მომატებაში.
PSP-ს განცხადებით, ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიას მაგალითად მოჰყავს მინისტრ აზარაშვილის განცხადება პრეპარატ „აფინიტორის“ შესახებ — როგორც მინისტრმა თქვა, ამ მედიკამენტის ფასი აფთიაქებში საიმპორტო ფასს 2/3-ჯერ აღემატება.
თავის მხრივ, PSP ამტკიცებს, რომ ამ პრეპარატის ღირებულება 10%-ით შემცირდა. კომპანიის მოწოდებული ფასების ცხრილის თანახმად, წინა წლის დეკემბრიდან ამ წლის თებერვლამდე აფთიაქებში ეს პრეპარატი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდებოდა.
„ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა“, – ხაზს უსვამენ კომპანიაში.