დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი მხარს დაგიჭერთ მომდევნო არჩევნებში – სი ძინპინი პუტინს

კრემლში მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის არაფორმალური შეხვედრა.

შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების გეგმას, რომელიც პეკინმა წარმოადგინა.

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით თქვენ წინადადებებს უკრაინაში მწვავე კრიზისის მოგვარების შესახებ. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებების პროცესისთვის. აუცილებლად განვიხილავთ ყველა ამ საკითხს, მათ შორის თქვენს ინიციატივებს, რომლებსაც ჩვენ უპირობოდ პატივს ვცემთ“, — განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა თქვა, რომ მოსკოვისა და პეკინის წინაშე ბევრი საერთო ამოცანა დგას. მან პუტინს „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა. ჩინეთის ლიდერის თქმით, რუსეთმა მიაღწია წარმატებას და კეთილდღეობას მისი პრეზიდენტის ძლიერი ხელმძღვანელობის წყალობით და გამოთქვა რწმენა, რომ რუსი ხალხი მხარს დაუჭერს პუტინს შემდეგ არჩევნებშიც.

„მომავალ წელს არჩევნები გექნებათ, დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი მხარს დაგიჭერთ“, — თქვა მან.

2023 წელს რუსეთში რეგიონული არჩევნები ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნები კი 2024 წელს არის დაგეგმილი.

„ჩინური მხარე დიდ ყურადღებას აქცევს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას, რადგან ამას აქვს თავისი ისტორიული ლოგიკა — ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მეზობელი ქვეყნები, ვართ პარტნიორები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობაში. სწორედ ეს სტატუსი განსაზღვრავს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უნდა იყოს“, — განაცხადა მან.

20-22 ივნისს რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იმართება. პუტინისა და სი ძინპინის ოფიციალური შეხვედრა კრემლის დიდ სასახლეში ხვალ, 15:00 საათზე შედგება. მედია არ გამორიცხავს, რომ რუსეთში ვიზიტის შემდეგ სი ძინპინმა სამშვიდობო გეგმის განსახილველად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკოს.

ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე წარმოადგინა 12-პუნქტიანი ხედვა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ. გეგმა მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პეკინის გეგმის ზოგ ნაწილს ეთანხმება, ზოგს არა, თუმცა მზადაა, ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდეს.