პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უარყოფს, რომ განათლების მინისტრის შეცვლა საპროტესტო აქციებში ჩართული სტუდენტების გაჩუმების მიზნით მოხდა.
ვოლსკის თქმით, განათლების ახალი მინისტრს, გიორგი ამილახვარს არ აქვს ის თვისესებები, რომ ვინმეს გაჩუმებისთვის გამოიყენონ.
„გიორგი ამილახვარს ის თვისება არ აქვს და რომ ჰქონოდა, ჩვენს გუნდში არ მოხვდებოდა, რომ ვინმეს გაჩუმებისთვის იქნას მისი რესურსი და ენერგია გამოყენებული, აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა — ინტელექტუალური, კარგი ახალგაზრდა, ქვეყნისთვის თავდადებული და მაღალი დონის სპეციალისტი”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.
გიორგი ამილახვარი, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის წევრი იყო, 20 მარტს ღარიბაშვილმა მინისტრად წარადგინა. დეპუტატობის პერიოდში პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს თავმჯდომარეობდა.
ამილახვარი მწვავედ გააკრიტიკეს 2022 წლის ოქტომბერში, ვაკის პარკში, ახლად გახსნისლ შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. მომხდარს 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
“ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს”, — განაცხადა ამილახვარმა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ბავშვის გარდაცვალების შესახებ.
მოგვიანებით მან მოუბოდიშა დაღუპული ბავშვის ოჯახის წევრებს. მისი განმარტებით, თავდაპირველი განცხადების დროს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შემთხვევა რეაბილიტაციადასრულებულ შადრევანში მოხდა.
განათლების აწ უკვე ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მთავრობის ინფორმაციით, აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
ღარიბაშვილის თქმით, ჩხენკელმა, რომელმაც “ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა და ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი”, საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.
