პოლონელ ექიმთა ჯგუფს სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცა – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მალე, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი  პოლონელმა ექიმებმა მოინახულონ.

„პოლონელ მედიკოსთა ჯგუფს უფლება მიეცა, რომ სააკაშვილს შეხვდეს. ჯერჯერობით უცნობია საქართველოში მათი ჩასვლის თარიღი და ასევე, ეს ვიზიტი არ შეეხება ექსპრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანის საკითხს“, – წერს იოზვიაკი.

EU officials: a 🇵🇱 medical team has been granted access to #Saakashvili. No date yet when they will travel to #Georgia. and this is NOT about a transfer of the former President to Poland or elsewhere.

— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) March 16, 2023

ორშაბათს პოლონეთის მთავრობის სპიკერმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ მედიკოსთა ჯგუფი მზადაა, საქართველოში გაემგზავროს და პოლონეთი საქართველოსგან საბოლო დასტურს ელოდებოდა.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ ეჭვებს აჩენს საერთაშორისო საზოგადოებაში და ეს არის მიზეზი, რატომაც მზად ვართ, რომ აღნიშნული ეჭვები გადავამოწმოთ“, – თქვა მან ბრიფინგზე.

ნეტგაზეთს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ უთხრა, რომ სააკაშვილის მხარისთვის ოფიციალურად ეს ინფორმაცია არავის მოუწოდებია. ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს ელის პენიტენციური სამსახურისგან.