ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულები და სტუდენტები უერთდებიან საქართველოს მოქალაქეების პროტესტს და პარლამენტსა და შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მოუწოდებენ, იმოქმედონ კონსტიტუციის შესაბამისად, არ დაუშვან კანონის მიღება, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას და საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მომავალს.
„ევროპის კოლეჯის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტიპენდიანტები ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტის მიერ მსგავსი კანონმდებლობის მიღებას ან მსგავს კანონმდებლობაზე დისკუსიას. ყოველ წელს საქართველოს ათამდე ახალგაზრდა ევროკომისიისგან იღებს დაფინანსებას განათლების მისაღებად ევროპის კოლეჯში, როგორც ბრიუგეს, ასევე ნატოლინის კამპუსში. ევროპის კოლეჯის არაერთი კურსდამთავრებული მუშაობს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებული ევროპული მომავლისთვის და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას იყენებს საქართველოს საჯარო უწყებებში, არასამთავრობო სექტორში, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ ერთად ვაშენებთ საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც ასე ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამ ისტორიულ დროს, როდესაც საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი განიხილება, დაუშვებელია მსგავსი კანონის მიღება“, — ნათქვამია ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების განცხადებაში.
მაშინ, როცა საქართველოს აქვს გრძელი სია დემოკრატიული რეფორმებისა, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროპულ ოჯახთან, სტუდენტების აზრით, საქართველოს ყველა უწყება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად უნდა მუშაობდეს.
„Საქართველო მრავალი წელია იბრძვის იმისთვის, რომ მისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ ოჯახში. ნებისმიერი ალტერნატივა მიუღებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ისტორიულ არჩევანს“, — ნათქვამია ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულები/სტუდენტები:
7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.
მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.